ნეტგაზეთი | ჯვრის მონასტერი მეორე დღეა დაკეტილია ჯვრის მონასტერი მეორე დღეა დაკეტილია – Netgazeti

ჯვრის მონასტერი მეორე დღეა დაკეტილია

მცხეთის ჯვრის მონასტერი მომლოცველებისა და ტურისტებისთვის უკვე მეორე დღეა დაკეტილია. მონასტერი მისი წინამძღვრის, იღუმენ ალექსანდრე ჭინჭარაულის გადაწყვეტილებით სტუმრებისთვის გუშინ დაიხურა.

ამის მიზეზად საპატრიარქოში მონასტრის სიახლოვეს არსებული მოუწესრიგებელი გარევაჭრობის პრობლემა დაასახელეს.

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის თქმით, მონასტრის წინამძღვარი ამ პრობლემის დარეგულირებას ითხოვს. დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ამ საკითხზე ჯვრის მონასტრის წინამძღვარი განცხადებას დღეს გააკეთებს.

გუშინ, 14 იანვარს მცხეთის მერმა, გიორგი კაპანაძემ რ2-თან განაცხადა, რომ “ჯვრის მონასტრის დაკეტვა მისთვის მიუღებელია და ამას არანაირი მიზეზი არ ჰქონდა”. მცხეთის მერის თქმით, მონასტრის წინამძღვართან (იღუმენი კონსტანტინე ჭინჭარაული) სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რა დროსაც მიიღო ინფორმაცია, რომ მონასტრის დაკეტვას აპირებდნენ.

მცხეთის მერის განცხადებით, ამ სატელეფონო საუბარში დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ ეს კარგი იდეა არ იყო, თუმცა ვერავის აიძულებდა ვერც მონასტრის გაღებას და ვერც დაკეტვას.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.