ახალი ამბები

მცხეთის ჯვრის მონასტერი გარევაჭრობის გამო ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტეს

14 იანვარი, 2019 • 3305
მცხეთის ჯვრის მონასტერი გარევაჭრობის გამო ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტეს

მცხეთის ჯვრის მონასტერი დღეს მისი წინამძღვრის, იღუმენ ალექსანდრე ჭინჭარაულის გადაწყვეტილებით, სტუმრებისთვის დაიხურა. მიზეზი, როგორც ნეტგაზეთს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, მონასტრის სიახლოვეს არსებული მოუწესრიგებელი გარევაჭრობის პრობლემაა.

“იქ არის გარევაჭრობის პრობლემა…  მოუწესრიგებელი, ქაოტური და იმ ადგილისათვს შეუფერებელი, რომლის მოწესრიგებაც არ მოხერხდა დიდი ხნის განმავლობაში და ამასთან დაკავშირებით დროებით დახურა წინამძღვარმა”, – უთხრა ნეტგაზეთს დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ და დასძინა, რომ მონასტრის წინამძღვარი ამ პრობლემის დარეგულირებას ითხოვს.

ნეტგაზეთმა დეკანოზს ჰკითხა, რა იგულისხმება დარეგულირებაში?

“დაზუსტებით ვერ გეტყვით, ვიცი, რომ  იქაურობას ძალიან ამახნიჯებს ეს სრულიად უსახური დახლები და ვაჭრობა. შეუფერებელია. იქ ხშირად დელეგაციები სტუმრეობენ მონასტერს, სხვადასხვა რანგის სტუმრები, ტურისტები, ასე რომ, მოუწესრიგებელი გარევაჭორბის პრობლემა დგას”, – განუცხადა დეკანოზმა ნეტგაზეთს.

რ2-თან საუბარში რამდენიმე გარემოვაჭრე აცხადებს, რომ მონასტრის წინამძღვართან შეხვედრა სურდათ, თუმცა იღუმენი კონსტანტინე ჭინჭარაული არ შეხვდა. აღნიშნული გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ისინი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.

საპატრიარქოს პრესსამსახურში ვერ აკონკრეტებენ, როდის გაიხსნება მონასტერი.

ამავე თემაზე

ჯვრის მონასტრის დაკეტვა ჩემთვის მიუღებელია – მცხეთის მერი

მასალების გადაბეჭდვის წესი