ახალი ამბები

საქველმოქმედო კონცერტისას დაჭრილი გდანსკის მერი გარდაიცვალა

14 იანვარი, 2019 • 2354
საქველმოქმედო კონცერტისას დაჭრილი გდანსკის მერი გარდაიცვალა

გდანსკის მერი პაველ ადამოვიჩი, რომელიც გუშინ, საქველმოქმედო კონცერტის დროს დაჭრეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გარდაცვალების ფაქტი პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა.

„ბიბისის” ინფორმაციით, 53 წლის ადამოვიჩს თავს დაესხნენ საქველმოქმედო კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას, ათასობით ადამიანის თვალწინ. ის საავადმყოფოში მუცლის არეში მრავლობითი ჭრილობებით გადაიყვანეს, სადაც 5-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა.

27 წლის თავდამსხმელი პოლიციამ გუშინვე დააკავა. სამართალდამცველების ინფორმაციით, მან სცენაზე შეღწევა მედიის აკრედიტაციით მოახერხა. „ადამოვიჩი მკვდარია”, – თქვა, თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელმა, რომელიც ამბობდა, რომ პარტია “სამოქალაქო პლატფორმამ”, რომელიც წინა მთავრობას მართავდა და ადამოვიჩის ხელახლა არჩევას უჭერდა მხარს, ის ციხეში უდანაშაულოდ ჩასვა. თავდამსხმელმა ასევე აღნიშნა, რომ ის ციხეში აწამეს.

ადამოვიჩი გდანსკის მერის პოსტს 20 წლის განმავლობაში იკავებდა. მისი დაჭრის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, არაერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი საავადმყოფოში მივიდა სისხლის დონაციის მიზნით. თავდასხმის საპასუხოდ პოლონეთის მასშტაბით ანტიძალადობრივი აქციები დაიგეგმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი