ახალი ამბები

ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საელჩო სიფრთხილისკენ მოუწოდებს

11 ივლისი, 2014 • • 1089
ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საელჩო სიფრთხილისკენ მოუწოდებს

“ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საელჩოს საკონსულოს შემდეგი ცხელი ხაზის მეშვეობით +972-526919092. ასევე გაცნობებთ, რომ ისრაელის სამხრეთი და ცენტრალური რეგიონების ყველა დიდ დასახლებულ პუნქტში გახსნილია საზოგადოებრივი თავშესაფარი. სარაკეტო თავდასხმის შემთხვევაში, საზოგადოებრივი თავშესაფარის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს.

თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ იმ ძირითად პრინციპებზე, რომლებიც მოქალაქეების მიერ უნდა იყოს დაცული სარაკეტო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის გამოცხადების შემთხვევაში:

 

1)   განგაში გაისმა მაშინ, როცა იმყოფებით შენობაში:

თავი შეაფარეთ ბინაში ან სახლში არსებულ სპეციალურად დაცულ ოთახს. თუ ასეთი ოთახი ბინაში ან სახლში არ არსებობს, მაშინ უნდა მიაკითხოთ სახლთან არსებულ უახლოეს საზოგადოებრივ თავშესაფარს. აღნიშნული ისრაელის ყველა დასახლებულ პუნქტში არსებობს;

2)   იმყოფებით შენობის გარეთ:

შეგიძლიათ თავი შეაფაროთ უახლოეს შენობაში არსებულ თავშესაფარს. თუ იმყოფებით მანქანაში და გაიგეთ სარაკეტო თავდასხმის მაუწყებელი განგაში, უნდა შეაჩეროთ მანქანა და იგი გადააყენოთ გზის სავალი ნაწილიდან, გადმოხვიდეთ და მიაკითხოთ უახლოეს თავშესაფარს (საზოგადოებრივს ან შენობაში არსებულს). ასეთის არ რსებობის შემთხვევაში, დაწექით მიწაზე მანქანიდან  მოშორებით  და თავი დაიფარეთ ორივე ხელით. დაცული ტერიტორიის დატოვება შესაძლებელი იქნება განგაშიდან 10 წუთის გასვლის შემდეგ.

დეტალური ინფორმაციის მოპოვების მიზნით, შეგიძლიათ ეწვიოთ ისრაელის ზურგის სამსახურის ვებ-გვერდს შემდეგ მიმსამართზე: www.oref.org.il ან ხსენებულ ორგანიზაციას დაუკავშიერდეთ ტელეფონის ნომერზე 104″, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. 

 

ისრაელში სიტუაცია რამდენიმე დღეა განსაკუთრებით დაძაბულია. ისრაელის მტკიცებით, პალესტინის ტერიტორიიდან მათი მიმართულებით, ჯამში, 130 რაკეტა ისროლეს, რასაც მათი მხრიდან საპასუხო ცეცხლი მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი