ახალი ამბები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი შეასრულებს

14 იანვარი, 2019 •
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი შეასრულებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, დეპუტატ დავით მათიკაშვილს დაევალა.

ეს გადაწყვეტილება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ, 14 იანვრის სხდომაზე მიიღეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ის გასული წლის 27 დეკემბერს ეკა ბესელიამ დატოვა. ეკა ბესელიამ თავისი გადადგომა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების დასახელებას დაუკავშირა, თუმცა დღეს, 14 იანვარს დაადასტურა, რომ გარკვეული ჯგუფი მის ჩამოცილებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში ცდილობდა და უთანხმოება მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას უკავშირდებოდა. კომიტეტი დატოვა ვანო ზარდიაშვილმაც.

2018 წლის 31 დეკემბერს გამართულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს. სწორედ მას უნდა შეესრულებინა თავმჯდომარის მოვალეობა ბესელიას გადადგომის შემდეგ. ფოფხაძის არჩევის გამო ბესელია რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს თანაგუნდელებმა, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. თავად გედევან ფოფხაძე კი “ქართულმა ოცნებამ” კომიტეტიდან გაიწვია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი