რუსი დეპუტატი არსენ ფაძაევი 9-10 იანვარს თბილისში იმყოფებოდა. “ნეტგაზეთის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გასულ წელს ის იმყოფებოდა ცხინვალშიც, რაც იმას ნიშნავს, რომ მან სავარაუდოდ დაარღვია საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
არსენ ფაძაევი არის რუსეთის ფედერალური საბჭოს წევრი ჩრდილოეთ ოსეთიდან. წინა წლებში იყო “ედინაია რასიას” წევრი და რუსეთის პარლამენტის რამდენიმე მოწვევის დეპუტატი, 2000 წლის არჩევნებზე კი, ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი ჩრდილოეთ ოსეთში.
“ნეტგაზეთისთვის” უცნობია, დატოვა თუ არა უკვე საქართველო რუსმა დეპუტატმა, თუმცა ინსტაგრამზე მის მიერ გამოქვეყნებული პოსტების მიხედვით ფაძაევი 9-10 იანვარს თბილისში იმყოფებოდა.
რუსი დეპუტატი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი გახდა 1988 წელს თავისუფალ ჭიდაობაში, ინსტაგრამზე წერს, რომ თბილისში მეგობრების მიწვევით ჩამოვიდა თავისუფალ ჭიდაობაში ჩემპიონატზე დასასწრებად. ინსტაგრამზე ის ქართულ-რუსულ მეგობრობაზე წერს და ორ ვიდეოს აქვეყნებს, რომლებზეც ქართველი სპორტსმენები არიან ასახული.
“ეს ხალხი, როგორც ბევრი სხვა, ძალიან თბილად საუბრობს რუსეთსა და ოსეთზე, ყოველთვის მოუწოდებენ ძმური და მეგობრული ურთიერთობებისკენ. მე მათ სრულიად ვუჭერ მხარს. სპორტი აერთიანებს!”- წერს ფაძაევი.
2018 წლის 21 აპრილს კი არსენ ფაძაევი ცხინვალში იმყოფებოდა. მისი ვიზიტის ამსახველი ვიდეო ფაძაევს ინსტაგრამზევე აქვს გამოქვეყნებული, სადაც წერს:
“ფედერაციის საბჭოს დელეგაციასთან ერთად სამხრეთ ოსეთში რიგი შეხვედრები გავმართეთ, მათ შორის რესპუბლიკაში რუსეთის ელჩთან, მურატ კულახმეტოვთან, ასევე ადგილობრივ პარლამენტარებთან, რომლის დროსაც დეტალურად განვიხილეთ რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების საკანონმდებლო ზომები. გარდა ამისა, მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს პეტრე გასიევს თხოვნით გამოყოს საზოგადოების მისაღები ადგილი, რათა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ შეძლოს პირდაპირ მოგვმართოს”.
საქართველოს კანონით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ:
ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.
კანონის თანახმად ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
ფაძაევი ცხინვალში გასულ წელს გორის მუნიციპალიტეტიდან სავარაუდოდ არ შესულა. შესაბამისად, “ნეტგაზეთმა” შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰკითხა, როგორ აღმოჩნდა ფაძაევი ამჟამად თბილისში და რა ღონისძიებები გაატარეს სამართალდამცველებმა. თუმცა ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი არ მიგვიღია და მას მიღებისთანავე აქვე შემოგთავაზებთ.