ფოტო: EPA/NIR ELIAS / POOL

კინოთეატრმა გერმანიაში ულტრამემარჯვენე პარტიას “შინდლერის სიის” ბილეთები უფასოდ შესთავაზა

გერმანიის დასავლეთით მდებარე ერთ-ერთი კინოთეატრი პოლიტიკური დისკუსიის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც მისმა ადმინისტრაციამ ულტრამემარჯვენე პარტიას, “ალტერნატივა გერმანიისთვის”(AfD), უფასო ბილეთები შესთავაზა ფილმის – “შინდლერის სია” ჩვენებაზე. პარტიამ ეს ქმედება შეურაცხყოფად აღიქვა.

კინოთეატრში აცხადებენ, რომ ამით სურდათ “დისკუსიის დაწყებაზე ჰოლოკოსტთან დაკავშირებით პარტიასთან ერთად, რომელიც ამ მოვლენის ტრივიალიზაციას ეწევა”.

თუმცა, კინოთეატრის შეთავაზება ანტისაიმიგრაციო და ანტიისლამური პოლიტიკით გამორჩეულ ულტრამემარჯვენე პარტიის ზოგიერთ წევრს დისკუსიის წინაპირობად არ აღუქვამს. NY Times-ს ცნობით, პარტიაში, რომლის ლიდერებიც ნაცისტურ ერას მოიხსენიებენ “ჩიტის მცირე ფეკალიად გერმანიის 1000-წლიან წარმატებულ ისტორიაში”, ბერლინში არსებულ ჰოლოკოსტის მემორიალს კი “სირცხვილის მონუმენტად” მიიჩნევენ, მიწვევა პროვოკაციულად მიიჩნიეს.

“უპატიებელია AfD-ის დაკავშირება ებრაული რწმენის მქონე ხალხის მასობრივ განადგურებასთან, რაც იყო ჰოლოკოსტი”, – ციტირებს BBC პარტიის ერთ-ერთი ფრთის კომენტარს გერმანულ ტელეკომპანია SWR-ზე დაყრდნობით.

კინოთეატრის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ პარტიის ამომრჩევლის ნაცისტებთან შედარების განზრახვა არ ჰქონიათ და რჩებიან პირვანდელ პოზიციაზე, რომ მათი შეთავაზება დისკუსიის გაჩაღებისაკენ იყო მიმართული.

BBC-ის ცნობით, AfD-სგან განსხვავებით, კინოთეატრის გადაწყვეტილება მემარცხენე ცენტრისტმა “სოციალ-დემოკრატებმა” მოიწონეს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ჰენდრიკ ჰერინგი აღნიშნულს აფასებს “იმ პარტიის გამოწვევად, რომლის წევრებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ან უგულებელყოფენ ხსოვნის კულტურას”.

საბოლოოდ, დისკუსიის შემდეგ, კინოთეატრის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, კინოსეანსი ყველასთვის უფასოდ მოაწყოს. სტივენ სპილბერგის ცნობილი ნამუშევრის ჩვენება 27 იანვარს, ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღესაა დაგეგმილი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან