უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსის გაფორმება. ფოტო: EPA/ERDEM SAHIN

გაფორმდა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსი – ისტორიული ცერემონია

კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს    ხელი მოაწერა . ცერემონია დღეს, 5 იანვარს, სტამბოლში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა გიორგის ეკლესიაში შედგა.

უკრაინის ერთიანი, ადგილობრივი ეკლესიის დამოუკიდებლობის დამადასტურებელი სიგელის ხელმოწერის ცერემონიას ქვეყნის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკოც ესწრებოდა. გამოცემა “უნიანის” თანახმად, განცხადებას გააკეთებს როგორც პოროშენკო, ისე კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე და უკრაინის ადგილობრივი ეკლესიის ახლადარჩეული ხელმძღვანელი ეპიფანე.

უკვე ხვალ, 6 იანვარს, ლიტურგიის შემდეგ, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ხელმოწერილი დოკუმენტი მის წინამძღოლს, ეპიფანეს, ოფიციალურად გადაეცემა. 7 იანვარს, კიევის წმინდა სოფიას ტაძარში კი, დოკუმენტის ტექსტს საზოგადოებას გააცნობენ.

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ხელს აწერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს. ფოტო: EPA/ERDEM SAHIN

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ხელს აწერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს. ფოტო: EPA/ERDEM SAHIN

გუშინ, 4 იანვარს, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მსოფლიოს ავტოკეფალური ეკლესიების ლიდერებს მოუწოდა, უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირონ.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანი პოზიცია ამ დრომდე უცნობია. სინოდის უკანასკნელი განჩინებით, რომელიც 27 დეკემბრის სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სინოდის შემდეგ სხდომებზე გაგრძელდება.

უკრაინის დედაქალაქ კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში, გასული წლის 15 დეკემბერს ჩატარებულ გაერთიანებულ კრებაზე გამოცხადდა უკრაინის ახალი, ერთიანი, დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა. ამავე დღეს აირჩიეს წინამძღოლიც –  ის პერიასლოვისა და ბილოცერკოვის მიტროპოლიტი ეპიფანეა. სასულიერო პირი 39 წლის არის.

ამ დრომდე, უკრაინაში სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ეკლესია მოქმედებდა:

  • კიევის საპატრიარქო, რომელსაც პატრიარქი ფილარეტი განაგებს და მოსკოვის „ხელისუფლებას“ არ ცნობს.
  • კიდევ ერთი, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მოსკოვს ექვემდებარება და რუსეთისადმი ლოიალობით გამოირჩევა.
  • მესამე კი უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაა: ის 1921 წელს მოსკოვის წინააღმდეგობის მიუხედავად დაფუძნდა, რიგი პრობლემების შემდეგ კი, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას აღდგა.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცედურა ოქტომბერში დაიწყო.

კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებით, კიევის პატრიარქმა ფილარეტმა კანონიკური სტატუსი დაიბრუნა. ასევე გაუქმდა 1686 წელს “გარემოებებიდან გამომდინარე” მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მოსკოვის საპატრიარქოს ნება დართეს, კიევის სამიტროპოლიო საკუთარ დაქვემდებარებაში მოექცია.

შემდგომ, 4 ნოემბერს, უკრაინასა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შორის თანამშრომლობის შეთანხმებაც გაფორმდა.

შესაძლებლობა, რომ კონსტანტინოპოლი უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას მიანიჭებდა, ცხადი ჯერ კიდევ სექტემბერში გახდა. 23 სექტემბერს, სტამბოლში გამართული ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ თქვა, რომ როგორც უკრაინის უფლებაა, მიიღოს ავტოკეფალია, ისე კონსტანტინოპოლს აქვს უფლება, მიანიჭოს ის ახალ მართლმადიდებელ ეკლესიებს.

აღნიშნულს უპირისპირდება რუსეთი: მოსკოვის ეკლესიამ ჯერ პატრიარქ ბართლომეს ლოცვებში მოხსენიება შეწყვიტა, 15 ოქტომბერს კი მსოფლიო საპატრიარქოსთან ყველა სახის კავშირს დაუსვა წერტილი. მოსკოვში მიიჩნევენ, რომ უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერით მსოფლიო საპატრიარქო მოსკოვის კანონიკურ საზღვრებს არღვევს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან