ახალი ამბები

ქუცნაშვილის ინფორმაციით, “ოცნებას” ბესელიას გარიცხვის თაობაზე არ უმსჯელია

3 იანვარი, 2019 • 1395
ქუცნაშვილის ინფორმაციით, “ოცნებას” ბესელიას გარიცხვის თაობაზე არ უმსჯელია

“ქართული ოცნების” ოფისში ფრაქციის სხდომა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა, შეხვედრაზე ეკა ბესელიას საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა. მისი თქმით, ფრაქციამ გადაწყვეტილება მხოლოდ გედევან ფოფხაძის იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაწვევის შესახებ მიიღო.

“ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტლება იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გამოწვევის თაობაზე, აქედან გამომდინარე, ჟურნალისტური საზოგადოების მოლოდინი, რომ სხვა პიროვნებაზე გავრცელდებოდა რაიმე სანქცია, არ გამართლდა”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გედევან ფოფხაძის კომიტეტიდან გაწვევის ორი მიზეზი დაასახელა.

“ერთი [მიზეზი] არის პროცედურული დარღვევების თაობაზე, რის შესახებაც ფრაქციას გაგა კახიანმა მოახსენა. მან დაადასტურა, რომ მოადგილის არჩევის დროს პროცედურა უხეშად დაირღვა. პარლამენტის თავმჯდომარემ დაასახელა ასევე პოლიტიკური მიზეზი, რომ   ეს გადაწყვეტილება ფრაქციასთან და უმრავლეოსბასთან შეუთანხმებელი იყო”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

“ბატონმა ბიძინამ  აცილება მისცა თავის მონაწილეობას ფრაქციის მუშაობაში. მან ბრძანა, რომ როგორც პარტიის თავმჯდომარე, თავს შეიკავებდა კენჭისყრაში მონაწილეობისგან იქიდან გამომდინარე, რომ ის არ გახლავთ ფრაქციის წევრი”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.


ეკა ბესელიამ განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ  27 დეკემბერს გააკეთა. მანვე თქვა, რომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისივე პირველმა მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმა გადადგომაზე განცხადება დაწერა. როგორც ბესელიამ თქვა, ის ვერ დაუშვებდა, რომ კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობა ზარდიაშვილს შეესრულებინა. 

ეკა ბესელიამ თავისი გადადგომა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების დასახელებას დაუკავშირა. სწორედ ეს არის ერთ-ერთი საჯაროდ გაცხადებული მიზეზი, რის გამოც ქართულ ოცნებაში ბოლო პერიოდში დაპირისპირება გამწვავდა.

31 დეკემბერს გამართულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს. სწორედ მას უნდა შეესრულებინა თავმჯდომარის მოვალეობა ბესელიას გადადგომის შემდეგ. ფოფხაძის არჩევის გამო ბესელია რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს თანაგუნდელებმა, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ

მასალების გადაბეჭდვის წესი