პენიტენციურ დაწესებულებაში წვევამდელმა იარაღით თავი დაიზიანა – პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, წვევამდელმა, რომელიც მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსახურობდა, ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. შემთხვევა 29 დეკემბერს, საღამოს მოხდა.

უწყების ცნობით, ამ დროს(18:03) ის სათვალთვალო კოშკურაზე მორიგეობდა. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

“იგი სასწრაფოდ გადაყვანილი იქნა სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია და სათანადო სამეციდინო დახმარება გაეწია. ამჟამად [მისი] ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

პენიტენციური სამსახურის ცნობით, დაჭრილი სავალდებულო სამხედრო სამსახურში მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს გაიწვიეს, მე-17 დაწესებულებაში კი 23 ოქტომბრიდან მსახურობს.

“მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ეცნობა  ოჯახს. ასევე ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომლის შედეგადაც უნდა დადგინდეს სუიციდის მცდელობაა მომხდარი, თუ [წვევამდელმა] თვითდაზიანება გაუფრთხილებლობით მიიყენა”, – აღნიშნავს უწყება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან