ტურიზმი სტამბოლში. ფოტო: EPA/SEDAT SUNA

თურქეთში ჩასულ უცხოელებს €1.5 – უსაფრთხოების გადასახადს გადაახდევინებენ

თურქეთში ჩასულ საერთაშორისო ვიზიტორებს 2019 წლის 1 იანვრიდან ახალი, “უსაფრთხოების გადასახადი” დაუწესდებათ. თანხა 1.5 ევროს შეადგენს და ყველა ქვეყნიდან ჩასულ ვიზიტორებზე ვრცელდება.

Hurriyet-ის ინფორმაციით, თავდაპირველად, “სახელმწიფო აეროპორტების დირექტორატი” გეგმავდა, ახალი გადასახადი 3 ევროთი განესაზღვრა. თუმცა, “ტურისტული სააგენტოების გაერთიანებამ” თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს თანხის შემცირების თხოვნით მიმართა, რომელიც დაკმაყოფილდა და გადასახადი განახევრდა.

სააგენტოების გაერთიანების დირექტორი გავრცელებულ განცხადებაში თანხის შემცირების საჭიროების მიზეზებს ხსნის. მისი თქმით, დასვენების ხარჯები 2019 წლისთვის უკვე მილიონობით ადამიანს ჰქონდა გადახდილი ჯერ კიდევ აუმოქმედებელი გადასახადის გარეშე, ეს კი ისევ სააგენტოებს დააწვებოდათ ტვირთად.

“3 ევრო, შესაძლოა, მცირე თანხა ჩანს, თუმცა თუ ეს ხარჯი ოპერატორებს დაეკისრებათ, მათ მილიონობით ევროს გადახდა მოუწევთ”, – აღნიშნა მან.

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ 10 თვეში ქვეყანას 35 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია, რაც შარშანდელთან შედარებით 22.4%-იან ზრდას წარმოადგენს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან