ახალი ამბები

ჩხოროწყუს პოლიციის უფროსი თანამდებობაზე დაბრუნდა

27 დეკემბერი, 2018 • 1477
ჩხოროწყუს პოლიციის უფროსი თანამდებობაზე დაბრუნდა

ჩხოროწყუს პოლიციის უფროსი, რომელმაც თანამდებობა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის  სიუჟეტის შემდეგ დატოვა, პოსტზე დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

იზორია თანამდებობიდან ორი თვის წინ გადადგა, მაშინ მან “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო:

“მე თვითონ გადავწყვიტე, განსაკუთრებული არაფერი. თავად გადავწყვიტე, დავწერე პატაკი და წავედი”, – აღნიშნა მან.

იზორიას ამ გადაწყვეტილებამდე 1 კვირით ადრე “რუსთავი2”-ის “შაბათის კურიერში” რეპორტაჟი გავიდა, რომლითაც ტელეარხი იუწყებოდა, რომ ჩხოროწყუს პოლიციის უკვე ყოფილი უფროსის ოჯახიდან ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოტანილი კონტრაბანდული სიგარეტი და საწვავი იყიდებოდა. ტელეარხის წარმომადგენელმა სიგარეტის გაყიდვის პროცესი ფარული კამერითაც გადაიღო, რის შემდეგად გადამღებ ჯგუფს იზორიას ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, უკავშირდებოდა თუ არა მისი გადაწყვეტილება “რუსთავი2”-ზე გასულ მასალას, იზორიამ აღნიშნა, რომ სიცრუეა ყველაფერი, რაც ტელეეთერით გადაიცა.

“ეს ყველაფერი იყო სიცრუე, დამონტაჟებული კადრები, რომელიც ერთმა ყოფილმა უწყებამ დაამონტაჟა და ახლა მაგაზე არ მინდა კომენტარების კეთება. ყველაფერი ვიცი.

…ჩემს ნათესავებს მოუგონეს ისეთი რამ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

…დააკვირდით, გადაახვიეთ კადრი, რამე გადაცემა ხდება თუ რა ხდება…ეს არის დამონტაჟებული კადრები”, – თქვა მან.

ჩხოროწყუს პოლიციის უკვე ყოფილი უფროსის თქმით, არ მიაჩნია სწორად, ზემოაღნიშნილი “უსაფუძვლო ბრალდებების შემდეგ, თანამდებობაზე დარჩეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი