ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში დაპატიმრებულ ბლოგერ მეჰმან ჰუსეინოვს ახალი ბრალი წაუყენეს

26 დეკემბერი, 2018 • 1598
აზერბაიჯანში დაპატიმრებულ ბლოგერ მეჰმან ჰუსეინოვს ახალი ბრალი წაუყენეს

აზერბაიჯანში დაპატიმრებულ ჟურნალისტსა და ბლოგერს, მეჰმან ჰუსეინოვს, ციხიდან გამოსვლამდე რამდენიმე კვირით ადრე ახალი ბრალი წაუყენეს — პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა და თავდასხმა.

ინფორმაცია გაავრცელა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ხადიჯა ისმაილოვამ, რომელიც თვითონაც იჯდა ციხეში, როგორც თავად ამბობს, უსაფუძვლო ბრალდებით.

აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი (მუხლი 315), რაც ჰუსეინოვს წაუყენეს, 3 წლამდე ან 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

აზერბაიჯანული სააგენტო “ტურანის” თანახმად, პენიტენციური დაწესებულების მიერ გავრცელებული პრეს-რელიზში წერია, რომ ჰუსეინოვს 461 აზერბაიჯანული მანათი ჰქონდა საკანში შენახული, რაც აკრძლალულია.

ჰუსეინოვს 2017 წლის 3 მარტს მიუსაჯა სასამართლომ 2 წლით პატიმრობა. აპრილში სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

მეჰმან ჰუსეინოვი ცნობილი ჟურნალისტი, აქტივისტი და ბლოგერია აზერბაიჯანიდან. იგი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალის, “სანკაქის” (SANCAQ) რედაქტორი და აქტიური კორესპონდენტია.

კიდევ ერთი ორგანიზაციის, რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის (IRFS-ის) ცნობით, ჰუსეინოვის ფოტო-ვიდეორეპორტაჟებმა უამრავ ადამიანს მიაქცევინა ყურადღება აზერბაიჯანში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებზე.

მისი ვიდეორეპორტაჟების ბოლო სერიამ, “კორუმპირებულ ჩინოვნიკებზე დევნამ”, ორგანიზაციის ცნობით, აზერბაიჯანის მმართველი პოლიტიკური ისტებლიშმენტის გაღიზიანება გამოიწვია.

2016 წლის ნოემბერში ჰუსეინოვი IRFS-ის თავმჯდომარედ აირჩიეს. მისი წინამორბედი, ჟურნალისტი რასიმ ალიევი 2015 წლის აგვისტოში ცემით მოკლეს.

 აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჰუსეინოვისა და მათ მიერ დაპატიმრებული სხვა ჟურნალისტების თუ აქტივისტების გათავისუფლებას სხვადასხვა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია სთხოვს, მათ შორის “ამნესტი ინთერნეიშენალი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი