ახალი ამბები

მონიტორინგის შედეგებით, ბავშვთა საკითხები მშრალად და ზედაპირულად შუქდება

4 ივლისი, 2014 • • 1862
მონიტორინგის შედეგებით, ბავშვთა საკითხები მშრალად და ზედაპირულად შუქდება

საანგარიშო პერიოდში ქარტია აკვირდებოდა როგორც ტელევიზიებს, ასევე ონლაინ მედიას და პრესას. კვლევის შედეგების თანახმად, 26% უჭირავს განათლებას, 16 %- ქველმოქმედებას, ხოლო 12–12% -ჯანდაცვას და “სხვას”.

 

საერთო დიაფრაგმა
საერთო დიაფრაგმა

როგორც  კვლევაშია აღნიშნული, 2013 წლის მონიტორინგისგან განსხვავებით აღარ დომინირებს კრიმინალის/სამართლის თემების გაშუქება: 

“თუმცა კვლავაც პირველ სამეულშია “ქველმოქმედება”, რომლის დიდი ნაწილი პიარისა და რეკლამის ელემენტების შემცველ მასალებს მოიცავს,”–აღნიშნულია კვლევაში.

 

დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ტენდეცია: ბავშვთა საკითხების მშრალი და ზედაპირული გაშუქება; ფრაგმენტული დაინტერესება ბავშვთა პრობლემებით; ახალი ამბების ერთფეროვნება და მსგავსება; საუბარი ბავშვთა საკითხებზე ბავშვების გარეშე, ბავშვების ქველმოქმედების; სარეკლამო მასალებისა და პოლიტიკური პიარის ობიექტებად გამოყენება; პრესრელიზებისა და მარკეტინგული მასალების უცვლელი სახით გამოყენება; ბავშვთა საკითხების სენსაციური და დრამატიზებული გაშუქება; მთავარ საინფორმაციო  და სოციალურ–პოლიტიკურ თოქ შოუების ნაკლები ინტერესი ბავშვების მიმართ, შუადღისა და დილის გადაცემებთან შედარებით.

 

კვლევის თანახმად, ისევე როგორც ინტერნეტგამოცემებისა და ჟურნალ–გაზეთების შემთხევვაში, ბავშვებთან დაკავშირებული სატელევიზიო მასალების უმრავლესობა მშრალ და ფრაგმენტულ ნიუსებზე მოდის, რომელთა დიდი ნაწილით მედია მხოლოდ მას შემდეგ ინტერესდება, რაც ფაქტი უკვე მომხდარია. არ ხდება სხვადასხვა პრობლემატიკის თუ საკითხის ანალიზი, აქტუალიზება და პრობლემის კუთხით განხილვა.

 

“ჩვენ შევიმუშავეთ რეკომენდაციები მედიისთვის. ერთ–ერთი რეკომენდაცია ისაა, რომ მედია თავად გახდეს ბავშვთა საკითხებზე საინტერესო და მნიშვნელოვანი თემების აქტუალიზების ავტორი, ეცადოს, რომ მაქსიმალურად დაიცვას ბავშვის უფლებები. ასევე გამოიკვეთა ის, რომ მედია ბავშვებზე ძალიან ბევრს საუბრობს, მაგრამ თავად ბავშვები ამ მასალების მთავარი გმირები არ არიან, ისინი არ საუბრობენ საკუთარ პრობლემებზე. კიდევ ცალკე თემაა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები და მათი მდგომარეობა. საერთო ჯამში, წინა კვლევასთან შედარებით მდგომარეობა არის გაუმჯობესებული, თუმცა დარღვევები კვლავ გვხვდება. აღსანიშნავია, რომ შეიმჩნევა მცდელობა არ დაირღვეს ბავშთა უფლებები,” – ამბობს თამარ რუხაძე, ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი.

 

თამარ რუხაძე
თამარ რუხაძე

მონიტორინგის პერიოდში გამოკვეთილი მეორე ტენდეცია პროფესიული და ეთიკური ნორმებიდან გადაცდომას უკავშირდება. მათი უმეტესობა საერთოა მედიის ყველა ტიპისთვის და ამავე დროს არ ატარებს გამონაკლის ხასიათს. ეს დარღვევებია: ძალადობის მსხვერპლი ბავშვის/მოზარდის ირიბი იდენტიფიცირება; ოჯახური ტრაგედიის მონაწილე ბავშვების ირიბი იდენტიფიცირება; უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა, როდესაც საქმე ეხება ბავშვის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებულს; პირადი და ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება; ბავშვის რეტრავმატიზებისა და სტიგმატიზების საფრთხე; ბავშვთა გარკვეული ჯგუფების სტერეოტიპული გაშუქება; არასწორი და ამავე დროს დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენება; სარედაქციო და სარეკლამო მასალების აღრევა.

 

კვლევაში ცალკე თავი ეთმობა 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ანგარიშის თანახმად, ამ დღეს მედიაში ბავშვებთან დაკავშირებული მასალების რაოდენობა 7,5 ჯერ აღემარებოდა საანგარიშო პერიოდის სხვა დღეების საშუალო მაჩვენებელს. 

 

“1 ივნისის გაშუქების ანალიზი მიუთითებს, რომ მედია წინასწარ არ ემზადება ამ დღისთვის და მხოლოდ იმ დღის მიმდინარე ანონსს მისდევს, ახდენს სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული კვლევისა თუ განცხადებების ტირაჟირებას და თავად არ ქმნის ამბებს ბავშთა პრობლემებზე. ამ დღეს, მიუხედავად მასალების სიჭარბისა, რთული აღმოჩნდა ისეთი ნამუშევრის მოძებნა, რომელიც ბავშვთა პრობლემას შეეხებოდა და არა პოლიტიკური ან კერძო პირების საპირველივნისო ღონისძიებებს,”– აღნიშნულია კვლევაში, სადაც ასევე ვკითხულობთ, რომ ქართული მედია ბავშვთა საკითხებს ბავშვების მონაწილეობის გარეშე აშუქებს:

 

“რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვებს, როგორც წესი, არ ეძლევათ საშუალება, თავად, პირდაპირ გამოხატონ აზრი, ისაუბრონ მათთან დაკავშირებულ საკითხებზე. მედიაში ბავშვებზე მსჯელობენ პედაგოგები, ფსიქოლოგები, მინისტრები, მშობლები, არსამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ერთი სიტყვით, საუბრობს ყველა, თავად ბავშვების გარდა.”

 

საშა გრაუმანი
საშა გრაუმანი

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი მიესალმება მედიასაშუალებების ღიაობას, რომ ბავშვთა საკითხებზე მუშაობისას ეთიკური ნორმები დაიცვან. გრაუმანი ბოლო წლებში ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე აქცენტირებს და ამბობს, რომ ქვეყანაში კაპიტალის ზრდა ბავშვთა სიღარიბეზე არ აისახება:

 

“ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ხდება ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება, რადგან ამ დროს შეიძლება მოხდეს ბავშვის ხელახალი ტრავმირება და რისკის ქვეშ დადგეს მისი ღირსება და მომავალი, ზოგადად. ამიტომ ძალიან გვიხარია, როცა ვხედავთ ღიაობას ჟურნალისტების მხრიდან, რომ გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები, რომლებიც ეთიკურ გაშუქებას უკავშირდება. მაინც არის ნაკლებობა სიღრმისეული რეპორტაჟების გაშუქების, რაც მათ პრობლემებს დღის შუქზე გამოიტანს და ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ბავშვები საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია. ამის დამადასტურებელი მაგალითია ის, რომ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან შედარებით მხოლოდ ბავშვთა სიღარიბე გაიზარდა ბოლო წლების მანძილზე, ანუ ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც ქვეყანაში იქნა მიღწეული სოციალურ სფეროში, სამწუხაროდ, ნაკლებად შეეხო ბავშვებს. იმისათვის, რომ ბავშვების წინაშე არსებული პრობლემები აღმოიფხვრას, საჭიროა შევისწავლოთ ეს პრობლემები, გავაანალიზოთ და ინფორმაცია გავავრცელოთ მათზე. ამ მიმართულებით მედიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. “

 

ქარტიამ დღევანდელ შეხვედრაზე სიმბოლური პრიზებით საანგარიშო პერიოდში მომზადებული ორი ნამუშევრის ავტორები დააჯილდოვა. ესენია “ლიბერალის” ჟურნალისტი თათია ხალიანი და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “რეალური სივრცე.” ასევე, როგორც დღეს განცხადდა, “იუნისეფი” ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქებისთვის სპეციალურ პრიზს დააწესებს. ამ პრიზის მოსაპოვებლად საკონკურსო ნამუშევრებს ჟურნალისტური ქარტია მიიღებს.

 

ბავშვთა საკითხების ეთიკური ქაშუქება მედიაში
ბავშვთა საკითხების ეთიკური ქაშუქება მედიაში

მასალების გადაბეჭდვის წესი