ახალი ამბებისამართალი

სამტრედიის სადგურში რკინიგზის თანამშრომელი დაიღუპა

25 დეკემბერი, 2018 • 1912
სამტრედიის სადგურში რკინიგზის თანამშრომელი დაიღუპა

დღეს, სადგურ სამტრედია N1-ში სამუშაოს შესრულების პროცესში, სამორიგეო კოშკურიდან 56 წლის გ.ს. გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. მას ორი არასრულწლოვანი ბავშვი დარჩა.

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის განცხადებით, მათი შრომის ინსპექტორები ტრაგედიას ადგილზე შეისწავლიან და შესაბამის დასკვნას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს.

შეგახსენებთ, შრომის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტმა გასულ წელს შეამოწმა სს “საქართველოს რკინიგზა” და სამუშაო პროცესში, შრომის უსაფრთხოების დარღვევის უამრავი ფაქტი იქნა გამოვლენილი. გაცემული სარეკომენდაციო წერილი შვიდას გვერდს შეადგენს.

აგრეთვე ძალაში შევიდა და ამოქმედდა “შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონი, რომელიც დამსაქმებელს რიგ ვალდებულებებს აკისრებს, მათ შორის უსაფრთხო სამუშაო გარემოს ორგანიზების პროცესში პროფკავშირის ჩართვისა და მონაწილეობის შესახებ,” – აცხადებს რკინიგზელთა ახალი პროკფავშირი.

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს და მოუწოდებს ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ დაიწყოს თანამშრომლობა პროფკავშირთან შრომის უსაფრთხოების სათანადოდ ორგანიზების საკითხში.

ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი