არიან დიასახლისები, რომლებიც აცხადებენ: “ჩვენ მუშაობა არ გვინდა” – ქობულია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოში სამუშაო ძალის მიღმაა საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანებისა, ძირითადად, დიასახლისები.

ამის შესახებ ქობულიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის, მიმდინარე პროცესების, სამომავლო გეგმებისა და ხედვების შესახებ“ მოხსენებას წარმოადგენს.

ქობულიას თქმით, საქართველოს ეკონომიკაში იქმნება ახალი სამუშაო ადგილები – დაახლოებით 30-40 ათასი ყოველწლიურად.

“ჩვენ გვინდა, ეს მაჩვენებელი მივიყვანოთ 60 000 ადგილამდე მაინც წელიწადში. მაგრამ 40 000 უკვე იქმნება და ეს სამუშაო ადილები იქმნებოდა მუდმივად – შარშანაც, 2016-შიც. ეს არის ოფიციალური სტატისტიკა”, – განაცხადა ქობულიამ.

მისივე თქმით, უმუშევრობის დონე იკლებს, თუმცა, ნელი ტემპებით.

“ჩვენ ვხედავთ დიდ გამოწვევას უმუშევრობაში. ეს გამოწვევა არის იმაში, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში, ისევე როგორც სიღარიბის დონის დაწევის ტემპები, უმუშევრობის დაწევის ტემპებიც დაბალია. 2015 წელს თუ უმუშევრობა იყო 15%, 2016 წელს  14%-ია, 2017 წელს 13,9%-ია. კი იკლებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი”, – განაცხადა ქობულიამ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა, თუ ვისგან შედგება სამუშაო ძალა.

“3,7 მილიონი ადამიანიდან ჩვენი მუშახელი, ანუ ის ადამიანები, რომლებსაც მუშაობა შეუძლიათ, არის მიახლოებით 2 მილიონი. დანარჩენი არის 15 წლამდე ბავშვი, საპენსიო ასაკის ხალხი… თქვენს ყურადღებას მივაქცევ, რომ ჩვენ აგრეთვე გვყავს ძალიან დიდი რაოდენობით ხალხი, რომელსაც ჰქვია სამუშაო ძალის გარეთ. ყველაზე ტიპური წარმომადგენლები ეს არიან დიასახლისები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ მუშაობა არ გვინდა. მაგრამ აქ არის კიდევ სხვადასხვა კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ საერთოდ მუშაობა არ გვინდა. ამ ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, ნაწილობრივ მაინც, აგრეთვე ჩვენი ამოცანაა”, – განაცხადა ქობულიამ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.