ახალი ამბები

ტრამპმა თავდაცვის მდივანი პოსტიდან დაგეგმილზე ადრე გაათავისუფლა

24 დეკემბერი, 2018 • 1229
ტრამპმა თავდაცვის მდივანი პოსტიდან დაგეგმილზე ადრე გაათავისუფლა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მატისმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადადგომის შესახებ წერილით 22 დეკემბერს მიმართა. მატისი წერდა, რომ თანამდებობას 28 თებერვალს დატოვებდა. თუმცა, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, მატისი თანამდებობას პირველი იანვრიდან დატოვებს.

ჯეიმს მატისი პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც თანამდებობას ტოვებს, არის პრეზიდენტის შეხედულებებთან შეუთავსებლობა. აღნიშნულ მიზეზებს შორის არის ტრამპის გადაწყვეტილება სირიიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანის შესახებ, ასევე, ტრამპის დამოკიდებულება პარტნიორ სახელმწიფოებთან.

მატისს 28 თებერვლამდე უნდა მოესწრო ნატოს თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობა და კონგრესის წინაშე წარდგომა. მატისი აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოზიციას ტრამპის პრეზიდენტად არჩევის დღიდან იკავებს.

როგორც The New York Times წერს, წერილითა და მედიის რეაქციით “გაბრაზებულმა” ტრამპმა მატისი კვირას, 24 დეკემბერს გაათავისუფლა. შემდეგ კი ტვიტერზე დაწერა, რომ მან მატისს დანიშვნით მეორე შანსი მისცა.

“როდესაც პრეზიდენტმა ობამამ ჯიმ მატისი ღირსებისშემლახველად გაათავისუფლა, მე მას მეორე შანსი მივეცი. ბევრი მიიჩნევდა, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა, ბევრი კი პირიქით ფიქრობდა. საინტერესო ურთიერთობა იყო, მაგრამ მე მას ყველა ის რესურსი მივეცი, რაც აქამდე არ ჰქონია. მოკავშირეები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მაშინ, როდესაც ისინი სარგებელს აშშ-ის ხარჯზე იღებენ,” – წერს ტრამპი ტვიტერზე.

ტვიტერის მეშვეობითვე ტრამპმა განაცხადა, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან მატისის მოვალეობის შემსრულებლად მისი მოდგილე პატრიკ შანაანი დანიშნა.

ტრამპთან შეუთავსებელი შეხედულებების გამო აშშ-ის თავდაცვის მდივანი გადადგა

მასალების გადაბეჭდვის წესი