ახალი ამბები

ტრამპთან შეუთავსებელი შეხედულებების გამო აშშ-ის თავდაცვის მდივანი გადადგა

21 დეკემბერი, 2018 • 1874
ტრამპთან შეუთავსებელი შეხედულებების გამო აშშ-ის თავდაცვის მდივანი გადადგა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადადგომის შესახებ წერილით მიმართა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა თქვა, რომ ამერიკამ თავისი მისია ამოწურა სირიაში, დაამარცხა ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფო, რის გამოც ამერიკელი სამხედროები გავლენ სირიიდან. აშშ სირიაში სამხედრო ოპერაციებს ძირითადად საჰაერო ძალების გამოყენებით აწარმოებს, თუმცა ქვეყანაში იმყოფება 2 ათასამდე ქვეითი სამხედრო, რომლებიც ადგილობრივ სამხედროებს ეხმარებიან წვრთნასა და ტერორისტებთან ბრძოლების დაგეგმვაში.

ჯეიმს მატისი პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც თანამდებობას ტოვებს, არის პრეზიდენტის შეხედულებებთან შეუთავსებლობა.

მატისი აღნიშნულ წერილში საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი სამხედრო ძალის განსაკუთრებულ როლზე მსოფლიოში და დასძენს:

“ჩვენ ვერ შევძლებთ ჩვენი ინტერესების დაცვასა და ამ როლის ეფექტიანად შესრულებას ჩვენს პარტნიორებთან მყარი ალიანსების შენარჩუნებისა და მათი პატივისცემის გარეშე. როგორც მე თავიდანვე გითხარით, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები არ უნდა იყოს პოლიციელი მსოფლიოსთვის. არამედ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა საშუალება და ამერიკული ძალა საერთო თავდაცვისთვის, რაც ასევე მოიცავს ეფექტური ლიდერობის შეთავაზებას ჩვენი პარტნიორებისთვის. ნატოს 29 დემოკრატიულმა სახელმწიფომ ჩვენთან ერთად ბრძოლით აჩვენა თავისი მხარდაჭერის სიძლიერე 9/11-ის თავდასხმის შემდეგ. ISIS-ის დასამარცხებლად 74 ქვეყნის მიერ შექმნილი კოალიცია ამისი დამატებითი დასტურია.

ანალოგიურად, მე მწამს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მტკიცე და ურყევი ჩვენს მიდგომებში იმ ქვეყნების მიმართ, რომელთა სტრატეგიული ინტერესი ჩვენს ინტერესებთან განსაკუთრებულ დაძაბულობას იწვევს. ცხადია, რომ მაგალითად, ჩინეთსა და რუსეთს სურთ შექმნან თავიანთი ავტორიტარული მოდელის მსგავსი მსოფლიო – გამოიყენონ ვეტოს უფლება ქვეყნების ეკონომიკურ, დიპლომატიურ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე, რათა ხელი შეუწყონ თავიანთ ინტერესებს მეზობლების, ამერიკისა და ჩვენი მოკავშირეების საზიანოდ. სწორედ ამიტომ, ჩენ უნდა გამოვიყენოთ ამერიკული ძალის ყველა შესაძლებლობა საერთო თავდაცვის ხელშესაწყობად”, – წერს ჯეიმს მატისი.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი წერილში ხაზს უსვამს პარტნიორებისადმი პატივისცემით მოპყრობის მნიშვნელობას, ასევე, მსოფლიოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკის როლს.

“რადგან თქვენ გაქვთ უფლება, გყავდეთ ისეთი თავდაცვის მინისტრი, რომელიც უკეთ შეეფერება ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით თქვენს შეხედულებებს, მჯერა, რომ სწორი იქნება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან”, – წერს მატისი ტრამპს.

მატისი აღნიშნავს, რომ პოსტიდან ოფიციალურად გადადგება 2019 წლის 28 თებერვალს, რათა მანამდე მოასწროს თებერვალში დაგეგმილ ნატოს თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობა, ასევე, კონგრესის წინაშე წარდგომა. მატისი მიიჩნევს, რომ 28 თებერვლამდე პერიოდი საკმარისი იქნება მისი შემცვლელის პოვნისა და გადაბარების პროცესისთვის.

მატისი აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოზიციას ტრამპის პრეზიდენტად არჩევის დღიდან იკავებს.

ჯეიმს მატისის ტრამპისადმი გაგზავნილი წერილის ორიგინალი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი