აღკვეთის ღონისძიების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ, 2 ივლისს იმსჯელებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა “სამხურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვის” ბრალდებით გიგი უგულავა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. მას ბრალი 30 ივნისს წარედგინა.

სიტი პარკსა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა. სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებულ საკითხებზე ედავება საგამოძიებო სამსახური უგულავას:
“თბილისის მერმა გიგი უგულავამ ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით კანონთან შეუსაბამო ბრძანების საფუძველზე სიტი პარკისთვის დამატებითი შეღავათების დაწესებით კომპანიის სასარგებლოდ მთლიანობაში გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა: 1 086 718 ლარი. საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს”, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
