დღეს, 21 დეკემბერს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ მიღებული მსხვილი საჩუქრების შესახებ გამოქვეყნა ინფორმაცია, რომლებსაც დეპუტატები ძირითადად ახლო ნათესავებისგან იღებენ.
დეპუტატები და მათი ოჯახის წევრები, რომლებმაც, უახლესი დეკლარაციების თანახმად (2017-18), მსხვილი საჩუქრები მიიღეს TI-ის მიხედვით:
- საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა მამისგან 120 000 აშშ დოლარი მიიღო.
- უმრავლესობის დეპუტატის, რომან მუჩიაშვილის ცოლს, თამარ მუჩიაშვილს TI-ისთვის უცნობმა პირმა 50 000 აშშ დოლარი აჩუქა.
- უმრავლესობის კიდევ ერთ დეპუტატს, კახაბერ ოქრიაშვილს შვილმა წილი აჩუქა, რომლის ღირებულებაც 1 250 000 ლარს შეადგენს.
- უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი სესიაშვილის ცოლს, თინათინ კიკილაშვილს ნათესავმა აქციები აჩუქა, რომლის ღირებულებაც 129 000 აშშ დოლარს შეადგენს.
- უმრავლესობის წევრს, ნინო წილოსანს მამამ 100 000 ლარი აჩუქა.
- უმრავლესობის დეპუტატს, ზაზა გაბუნიას ახლო ნათესავმა 56 000 აშშ დოლარი აჩუქა.
- უმრავლესობის დეპუტატის, მუხრან ვახტანგაძის ცოლს, მარგალიტა ჭყონიას TI-ისთვის უცნობმა პირმა 27 6000 აშშ დოლარის ღირებულების ბინა აჩუქა.
- უმრავლესობის დეპუტატის, შალვა კიკნაველიძის ცოლს, თათია სახელაშვილს მშობლებმა 22 000 აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილი აჩუქეს.
- საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის, გიგი წერეთლის ცოლს, ეკა კანდელაკს მშობლებმა 5 000 აშშ დოლარი და 4912 ფუნტი სტერლინგი აჩუქეს.
განახლება. 25.12.2018: “საერთაშორისო გამჭივირვალობა – საქართველოს” კვლევაში წერია, რომ უმრავლესობის დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის ცოლს, თინათნ აბრალავას TI-ისთვის უცნობმა პირებმა 170 000 და 60 000 ლარის ღირებულების ორი ბინა აჩუქეს. თანამდებობის პირის დეკლარაციაში ნამდვილად არ არის მითითებული, თუ ვინ აჩუქა თინათინ აბრალავას აღნიშნული ბინები. შესაბამისად, ეს ინფორმაცია ნეტგაზეთმაც ამ ფორმით გამოაქვეყნა. თუმცა, ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ თინათინ აბრალავას, რომელსაც აღნიშნულ უწყებაში დეპარტამენტის უფროსის პოზიცია უკავია, კვლევაში ნახსენები ორი ბინა მამამ, ანზორ აბრალავამ აჩუქა. ამის დასტურად უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურმა ნეტგაზეთს მიაწოდა ჩუქების დამადასტურებელი დოკუმენტი დაშტრიხული პირადი ნომრებით, სადაც აღნიშნულია, რომ ანზორ აბრალავამ თინათინ აბრალავას 2017 წლის 15 აგვისტოს აჩუქა თბილისში, ჭიაურელის N9-ში მდებარე 47.63 კვ.მ და 62.54 კვ.მ. ბინები. იმავე დღეს არის ნაჩუქარი კიდევ ერთი ბინა ბათუმში, ანგისას ქუჩა N15-ში. ამ ბინის ფართი არის 51.60 კვ.მ.