ზუგდიდში თხილის საწარმო დააყაჩაღეს – გატაცებულია 50 000 ლარამდე თანხა

ზუგდიდში მდებარე თხილის საწარმოში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ქარხნიდან, როგორც მისი ერთ-ერთი მეწილე ამბობს, 40-დან 50 000 ლარამდე ოდენობის თანხა წაიღეს.

როგორც თხილის საწარმოს მეწილემ, მაია მიქავამ, “ნეტგაზეთს” უთხრა, შემთხვევა გუშინ, საღამოს 8 საათზე მოხდა, როცა ქარხანაში მენეჯერები და სხვა დაქმებულები იმყოფებოდნენ:

“საღამოს 8 საათზე შემოიჭრა ავტომტებით შეიარაღებული სამი პირი. გაკოჭეს ხალხი, ზუსტად იცოდნენ ქარხნის შენობის განლაგება. ხალხი სცემეს, ავტომატიდანაც გაისროლეს, მენეჯერი სეიფთან მიიყვანეს, ფული გამოატანინეს, წაიღეს და წავიდნენ”, – ამბობს მიქაძე.

მისი თქმით, შემთხვევის შედეგად დაზარალდა რამდენიმე ადამიანი. მათ შორის საწარმოს მენეჯერი, რომლის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებოდა და საავადმყოფოდან გუშინ ღამით გამოწერეს.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.