ახალი ამბები

კორდონის წინა ხაზზე მხოლოდ ქალი პოლიციელების დაყენებას ბაია პატარაია სექსისტურად მიიჩნევს

20 დეკემბერი, 2018 • 2695
კორდონის წინა ხაზზე მხოლოდ ქალი პოლიციელების დაყენებას ბაია პატარაია სექსისტურად მიიჩნევს

ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი, უფლებადამცველი ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ გურჯაანის სასამართლოსთან ოპოზიციის აქციის წინა ხაზზე მხოლოდ ქალი პოლიციელების დაყენება შსს-ს მხრიდან შინაარსობრივად არის სექსისტური და პრობლემატური. ამის შესახებ პატარია ფეისბუკზე წერს.

“იმას არ ვიტყვი, ქალს რატომ აძლევთ ასეთ დავალებას-თქო, ცხადია, ყველანაირი საქმე უნდა აკეთოს ქალმა პოლიციელმა, მათ შორის, კორდონი. მაგრამ უკლებლივ ყველა ქალი რომაა ამ “ცოცხალ ფარში”, ეს უკვე პერფორმანსს ჰგავს. ჰოდა, არ მომწონს, გახარია რომ პერფორმანსს გვიწყობს ქალი პოლიციელებით – ძალიან არ მომწონს. არც რეპრესიების სუნი მომწონს და არც შსს-ს კუნთების თამაში. თუ კარვების აქციის დროს ვამბობდი, რომ პოლიციელის მხოლოდ კანონიერ მოთხოვნებს უნდა დავემორჩილოთ, ახლაც ამას ვამბობ. ინაუგურაციის დღეს გზების გადაკეტვა ხალხისთვის არ იყო კანონიერი! ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ პოლიციელებს არ მისცენ უკანონო ბრძანებები და არ შექმნან ხელოვნური დაძაბულობა. ისევ ქალების კორდონს რომ დავუბრუნდეთ, აი, ეს – “აბა, ქალს თუ დაეჭიდები?” – შეკითხვა, რომელიც დღეს გახარიამ ოპოზიციას დაუსვა, თავის თავში არის ძალიან სექსისტური და პრობლემატური. ძალიან უშნოდ გვეხუმრება შსს მინისტრი”, – აცხადებს ბაია პატარაია.

მისივე თქმით,  შერეული რომ ყოფილიყო კორდონი, როგორიც თავდაპირველად ეგონა, არც კი გამოეხმაურებოდა ამ ამბავს.

გურჯაანში, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესის პარალელურად, გაერთიანებული ოპოზიციის დაანონსებული საპროტესტო აქციის გამო, დილის 09:00 საათიდან ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე შსს ზღუდავს ავტოტრანსპორტის მოძრაობასა და პარკირებას, კერძოდ: დ. გურამიშვილის, შ. რუსთაველის, ი. ნონეშვილის და თავისუფლების ქუჩებზე.

როგორც შსს აცხადებს, ქუჩები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით გადაკეტეს, სადაც ავტომანქანების მოძრაობა აქციის დასრულებისთანავე სრულად აღდგება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კახეთში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მოუწოდებს ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

რადიო თავიუსლფების ცნობით, ქალ პოლიციელებს აქციის ორგანიზატორებმა მიხაკები მიუტანეს. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ეს ყვავილები იმის ნიშანია, რომ მათ სურთ მშვიდობა და არ სურთ დაძაბულობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი