ძალიან დადებითი დასკვნა დადო ევროკომისიამ – ზალკალიანი ვიზალიბერალიზაციის ანგარიშზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დადებითად აფასებს ევროკომისიის ანგარიშს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით.

“ძალიან დადებითი დასკვნა დადო ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის შესრულების კუთხით. იქ აღნიშნულია, რომ საქართველომ შეასრულა 2017 წელს საქართველოს წინაშე წაყენებული ევროკავშირის ყველა რეკომენდაცია. ჩვენი რეაგირება ყველა იმ რეკომენდაციაზე იყო ეფექტური, მათ შორის, ის საკანონმდებლო ინიციატივები და კომუნიკაციის ფორმები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა 2017 წლიდან დღემდე ევროკავშირის მხრიდან უაღრესად პოზიტიურად არის შეფასებული”, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, საქართველო გააგრძელებს ამ მიმართულებით აქტიურ საქმიანობას, რადგანაც მნიშვნელოვანია, რომ ეს მონაპოვარი – თავისუფალი მიმოსვლა –  კარგად გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეებმა.

“ანგარიშში საუბარიც კი არ არის შეჩერების მექანიზმზე, რაც არის მნიშვნელოვანი მიღწევა და ვფიქრობ, რომ ეს არის იმის გამოვლინება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ყველა შტომ, ვინც იყო ჩართული სავიზო რეჟიმის იმპლემენტაციის პროცესში, წარმატებით გაართვა თავი ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც ჩვენ გვქონდა. რა თქმა უნდა, არის ხარვეზები იმ თვალსაზრისით, რომ თავშესაფრის მაძიებელთა კუთხით საქართველოს პოზიციები ჯერ კიდევ სასურველია, რომ უკეთესი იყოს, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ. ამ ანგარიშში სწორედ ეს აისახა, რომ ჩვენი რეაგირება გამოწვევებზე არის ადეკვატური. 11-მა ქვეყანამ შეიყვანა საქართველო უსაფრთხო  ქვეყნების სიაში. ასევე, კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით შსს ძალიან აქტიურია”, – განაცხადა ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანის თქმით, თავშესაფრის საკითხებზე დინამიკა ასევე პოზიტიურია. მათ შორის, გერმანიაში. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში, 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადთა რაოდენობა გაორმაგდა და ძირითადად ეს ზრდა გერმანიასა და საფრანგეთს შეეხო, თუმცა, ზალკალიანის თქმით, გერმანიასთან ბოლო თვის მონაცემები გაუმჯობესებულია და მთლიანობაში პოზიტიური დინამიკა აღინიშნება.

მინისტრის თქმით, მომავალ წელს საქართველოს ხელისუფლება კიდევ უფრო გაააქტიურებს საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიას, საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებულობის ასამაღლებლად ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე.

ევროკომისიის მიერ სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში შემუშავებულ მეორე ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მიერ, საერთო ჯამში, გრძელდება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულების შესრულება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მიღებული იყო კონკრეტული ზომები არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევების მოსაგვარებლად, საჭიროა შემდგომი დაუყოვნებლივი ქმედებები ამ პრობლემების გადასაჭრელად, თავშესაფრის მოთხოვნის უსაფუძვლო განაცხადების გაზრდილი რაოდენობის ჩათვლით.

არალეგალური მიგრაციის გამოწვევებთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ შესვლაზე უარის თქმის 2017 წლის მაჩვენებლები 2016-თან შედარებით 200% -ით გაიზარდა, ხოლო უკანონოდ დარჩენის მაჩვენებლების ზრდა უმნიშვნელო იყო – 2016 (5,240), 2017 (5,860). 2018 წლის პირველ ნახევარში კი, 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადთა რაოდენობა გაორმაგდა. ძირითადად ეს ზრდა გერმანიასა და საფრანგეთს შეეხო.

“საქართველომ სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში პირველ ანგარიშში განსაზღვრული ქმედებები განახორციელა და გააგრძელა თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებული უსაფუძვლო განაცხადების პრობლემის გადაწყვეტა და არალეგალური მიგრაციით ყველაზე მეტად დაზარალებულ წევრ სახელმწიფოებთან ოპერატიული თანამშრომლობის გააქტიურება. საქართველომ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადთა გაზრდის საკითხის მოსაგვარებლად და არალეგალური მიგრაციის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის 2018 წლის აპრილში შეიტანა ცვლილები სამოქალაქო აქტების შესახებ კანონში (რომელმაც გვარის შეცვლის პირობები შეზღუდა). საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განახორციელებაში პროგრესი აღინიშნა”, – ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება საზოგადოებრივი წესრიგს და უსაფრთხოებას, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები საქართველოდან კვლავ ერთ-ერთ ყველაზე ხშირად წარმოდგენილ ჯგუფებს შეადგენენ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც ჩართულნი არიან მძიმე და ორგანიზებულ დანაშაულში ევროკავშირის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით, საფრანგეთში, საბერძნეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთსა და შვედეთში.

“ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები საქართველოდან ისევ ჩართულნი არიან საკუთრების ხელყოფასთან დაკავშირებულ დანაშაულში და ამასთანავე, ისინი აქტიურად განაგრძობენ კრიმინალური შემოსავლების გათეთრებას. ნარკოტიკების უკანონო მიმოქცევა კვლავ რჩება საკითხად, რომელიც მონიტორინგს მოითხოვს. ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებამ წარმატებით მოახდინა საქართველოში დაფუძნებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების გაუვნებელყოფა”, – ნათქვამია ანგარიშში.

ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს, საერთო ჯამში, კარგი დოსიე აქვს ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელების მხრივ, თუმცა, მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლისა და სამოქალაქო საზოგადოების შემდგომი ჩართულობის სფეროები კვლავაც გასაუმჯობესებელია.

2018 წლის I ნახევარში შენგენში უკანონოდ დარჩენის ფაქტები მნიშვნელოვნად გაიზარდა – ევროკომისია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.