ახალი ამბები

კირკიტაძეს თავდებში 30-მდე დეპუტატი უდგება, პროკურატურა პატიმრობას ითხოვს – ადვოკატი

19 დეკემბერი, 2018 • 2668
კირკიტაძეს თავდებში 30-მდე დეპუტატი უდგება, პროკურატურა პატიმრობას ითხოვს – ადვოკატი

ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ამბობს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაპატიმრებულ წევრ დავით კირკიტაძეს თავდებში 30-მდე პარლამენტარი უდგება. კირკიტაძე 17 დეკემბერს დააკავეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით.

როგორც კირკიტაძის ადვოკატმა “რუსთავი 2”-ს განუცხადა, პროკურატურას სურს, კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდოს. გიორგი კონდახიშვილმა ასევე თქვა, რომ არ არსებობს კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდების სამართლებრივი საფუძველი და ისინი მოსამართლის წინაშე დააყენებენ შუამდგომლობას, საერთოდ არ გამოიყენოს აღკვეთის ღონისძიება. თუმცა დაცვის მხარე ასევე განიხილავს მისი გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს დაკისრებას, ან 30-მდე პარლამენტარის წერილობითი თავდებობის წარდგენას.

სამართალდამცველებმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი 16 დეკემბერს, გურჯაანი-თელავის გზაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დააკავეს. ამ დღეს ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად თელავში საპროტესტო აქციას გეგმავდა, მაგრამ პოლიციამ მათ გზა ჩაუკეტა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

კირკიტაძეს ბრალი 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს. ეს გულისხმობს პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმას პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

კოდექსის მიხედვით, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი