„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელმა გიგა გაბელაიამ, ცენტრის მიერ 2018 წელს განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა და ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდების მხარდაჭერაზე ისაუბრა.
ცენტრის საქმიანობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ შეაფასა. მან მნიშვნელოვანი უწოდა პროექტებს, რომელსაც ცენტრი სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში ახორციელებს და რომელიც დადებით ზეგავლენას ახდენს მომავალი თაობის ცნობიერებისა და თვითშეგნების ჩამოყალიბებაზე. დასასრულს, ნათია ზედგინიძემ სამინისტროს მხრიდან „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს“ დაგეგმილი პროგრამების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.
2018 წლის განმავლობაში ცენტრმა 15 საგანმანათლებლო ტრენინგ-მოდული შეიმუშავა, შვიდი მასშტაბური ახალგაზრდული ბანაკი და “ახალგაზრდული ფესტივალი – 2018“ განახორციელა. პროექტებში 110 000-ზე მეტი მონაწილე იყო ჩართული, ბანაკების მიმდინარეობის პროცესში კი, 500-მდე ახალგაზრდა დასაქმდა.