ახალი ამბები

“მთელი ცხოვრება ვემსახურე ჩემს ქვეყანას” — ბურჭულაძის განმარტება რუსეთში სიმღერაზე

18 დეკემბერი, 2018 • 2155
“მთელი ცხოვრება ვემსახურე ჩემს ქვეყანას” — ბურჭულაძის განმარტება რუსეთში სიმღერაზე

პაატა ბურჭულაძემ გაავრცელა განმარტება რუსეთში იმ კონცერტზე სიმღერის შესრულებასთან დაკავშირებით დაკავშირებით, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა. განმარტებაში არ არის ნახსენები არც თავად პუტინი და არც ის გარემოება, რომ იგი აღნიშნულ კონცერტს ესწრებოდა.

15 დეკემბერს გამართული კონცერტი რუსი დირიჟორის, იური ტემირკანოვის 80 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. ბურჭულაძის თანახმად, კონცერტში მონაწილეობა სწორედ მისი მიწვევით მიიღო.

“აუცილებლად ჩავალ და მივულოცავ დიდ მაესტროს ყველა მომდევნო იუბილესაც. მთელი ცხოვრება მემახსოვრება და მადლიერი ვიქნები მისი მხარდაჭერის. ომის შემდეგ, როდესაც ბევრი ჩემი კოლეგა თავს იკავებდა საქართველოში ჩამოსვლისგან, იური ტემირკანოვი 2013-ში მთელი თავისი ორკესტრით ჩამოვიდა თბილისში და საქველმოქმედო კონცერტი გამართა ქართველი ბავშვების დასახმარებლად. 2008 წელსაც იყო ჩამოსული ჩემს იუბილეზე”, – რუსთავი2-ის თანახმად, ასე დაწერა ბურჭულაძემ.

“იური ტემირკანოვის იუბილეზე მომავალშიც აუცილებლად ჩავალ და თავს დავუკრავ ყველა დიდ ხელოვანს, მით უფრო, ვისაც ასეთი სიკეთე და მეგობრობა აკავშირებს საქართველოსთან”, – დასძენს ოპერის შემსრულებელი, რომელმაც ბოლო წლებში პოლიტიკური კარიერის შენება დაიწყო.

“მთელი ჩემი ცხოვრება, როგორც შემეძლო, ვემსახურე ჩემს ქვეყანას და იმ თითოეულ ქართველს, ვისაც ჩემი თანადგომა სჭირდებოდა. ბევრი სითბო და სიყვარულიც მიმიღია, რისთვისაც ყოველთვის მადლიერი ვიქნები და ვისაც არ მოვწონვარ ან არ მოსწონს ჩემი ცხოვრების წესი, ვუსურვებ, თავად შექმნან უკეთესი და საერთოდ, ჩემს წინააღმდეგ კამპანიების აგორებაში დახარჯული ფული, დრო და ძალისხმევა სჯობს, ქვეყნის გადარჩენისკენ მიმართოთ, რომელიც თავზე გვენგრევა”, — დაწერა მან.

რუსთავი2-ის გამოქვეყნებული წერილში არ ჩანს, თუ როგორ შეაფასებდა ბურჭულაძე ისეთ კონცერტზე ვინმე სხვა ხელოვანის შესრულებას, სადაც რუსეთის პრეზიდენტი იქნებოდა აუდიტორიაში;

ბურჭულაძემ კონცერტზე მყოფი აუდიტორიის, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინაშე ზაქარია ფალიაშვილის ოპერა “დაისიდან” ერთ-ერთი არია – “ღვინოვ კახურო” შეასრულა.

ბურჭულაძემ რუსეთში იმ კონცერტზე იმღერა, რომელსაც პუტინი ესწრებოდა

მასალების გადაბეჭდვის წესი