ახალი ამბები

ბურჭულაძემ რუსეთში იმ კონცერტზე იმღერა, რომელსაც პუტინი ესწრებოდა

17 დეკემბერი, 2018 • 3503
ბურჭულაძემ რუსეთში იმ კონცერტზე იმღერა, რომელსაც პუტინი ესწრებოდა

პაატა ბურჭულაძემ რუსეთში იმ კონცერტზე იმღერა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა.

კონცერტი, რომელიც 15 დეკემბერს გაიმართა, რუსი დირიჟორის, იური ტემირკანოვის 80 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. ბურჭულაძემ კონცერტზე მყოფი აუდიტორიის, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წინაშე ზაქარია ფალიაშვილის ოპერიდან “დაისი” ერთ-ერთი არია – “ღვინოვ კახურო” შეასრულა.

პაატა ბურჭულაძე 2016 წელს  საქართველოში სათავეში ჩაუდგა პოლიტიკურ პარტიას – “სახელმწიფო ხალხისთვის”, რომელმაც რამდენიმე სხვა პარტიასთან ერთად შექმნა საარჩევნო ბლოკი და მიიღო კიდეც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა.

პოლიტიკაში მოსვლამდე ბურჭულაძე სათავეში ედგა ფონდ “იავნანას”, რომლის ხელმძღვანელი პირების მიმართ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება 2017 წელს დაიწყო.

“ნეტგაზეთს” მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, რომ გამოძიებას საფუძვლად დაედო “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის”  განცხადება, სადაც განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელი პირების მხირიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისთვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და მართლსაწინააღმდეგო მითვიებას.

ბურჭულაძე პოლიტიკიდან 2016 წლის ბოლოს წავიდა, ხოლო 2017 წლის 1 ივლისიდან ის მიხაილოვის თეატრის საოპერო დასს ხელმძღვანელობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი