ახალი ამბები

თბილისი ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობისა და ცირკულარული მიგრაციის შეთანხმებებზე მუშაობს

18 დეკემბერი, 2018 • 1646
თბილისი ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობისა და ცირკულარული მიგრაციის შეთანხმებებზე მუშაობს

ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, პაატა კალანდაძის თქმით, საქართველომ და ისრაელმა უკვე დაიწყეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე მუშაობა და ახალი წლის შემდეგ “იგეგმება მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იქნება ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობის გაძლიერებაზე”.

პაატა კალანდაძის თქმით, ასევე, პროგრესია ისრაელთან ცირკულარული მიგრაციის შესახებ შეთანხმების საკითხზე, თუმცა ამ თემის დეტალებზე ჯერ ვერ ისაუბრებს. საქართველოს ელჩი მიიჩნევს, რომ ცირკულარული მიგრაციის შეთანხმება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ლეგალურად დასაქმების საშუალებას მისცემს, გამოსავალია იმ შექმნილი სიტუაციიდან, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების მიერ ისრაელში თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნა ქმნის.

“უვიზო რეჟიმის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს წლის განმავლობაში 90 დღით ყოფნის საშუალება ჰქონდათ ისრაელის ტერიტორიაზე და ეს რეჟიმი განკუთვნილი იყო მხოლოდ ჰუმანიტარული საკითხებისთვის, პირადი საკითხებისთვის, ტურისტული ვიზიტებისთვის… სამწუხაროდ, 2015-16 წლებში მოხდა ძალიან ცუდი მაგალითი. 60 000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მიმართა ისრაელის შესაბამის ორგანოებს პოლიტიკური თავშესაფრისთვის. ისრაელის მხარის შეფასებით, ფაქტობრივად, საქმე გვქონდა უკვე არალეგალურ მიგრაციასთან. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში იდგა საკითხი ასე: ან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერება, ან დამატებითი ნაბიჯების გადადგმა, რათა არ მოხდარიყო ამ რაოდენობის ზრდა. ზუსტად ამის გამო მიმდინარეობს ისრაელის აეროპორტში ე.წ. გამოკიხთვის  პროცედურა. ჩვენდა სასიხარულოდ, 2015-16 წლებთან შედარებით საგრძნობლად არის დაკლებული [თავშესაფარზე განაცხადების რაოდენობა], მაგრამ ტენდენცია ჯერ კიდევ არის, სამაუშაო ჯერ კიდევ გვაქვს. მე, როგორც საქართველოს ელჩს, მიმაჩნია, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი იქნება, თუ ჩვენ შევძლებთ ისრაელის მხარესთან მივაღწიოთ შეთანხმება ე.წ.  ცირკულარული მიგრაციის შესახებ, რაზედაც საელჩო ყოველდღიურად მუშაობს”, – განაცხადა პაატა კალანდაძემ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი