ახალი ამბები

ვინ რა თქვა რუსეთში ბურჭულაძის სიმღერაზე

18 დეკემბერი, 2018 • 3420
ვინ რა თქვა რუსეთში ბურჭულაძის სიმღერაზე

პაატა ბურჭულაძემ რუსეთში იმ კონცერტზე იმღერა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა. დირიჟორ იური ტემირკანოვის 80 წლის იუბილეზე, კონცერტზე მყოფი აუდიტორიის, მათ შორის, ვლადიმერ პუტინის წინაშე პაატა ბურჭულაძემ ზაქარია ფალიაშვილის ოპერიდან “დაისი” ერთ-ერთი არია – “ღვინოვ კახურო” შეასრულა.

საოპერო მომღერალსა და პოლიტიკოსს საქართველოში აკრიტიკებს როგორც ხელისუფლების, ასევე, ოპოზიციის დიდი ნაწილი. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ ფაქტით გულდაწყვეტილები არიან და პაატა ბურჭულაძისგან განმარტებებს ელოდებიან.

გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია

ენმ-ის წევრი, ხატია დეკანოიძე ფეისბუკზე წერს, რომ მოსკოვში პაატა ბურჭულაძის სიმღერის გამართლება აზიანებს იმ ღირებულებებს და იდეას, რომლისთვისაც იბრძვიან.

მომღერალსა და პოლიტიკოსს აკრიტიკებს გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, სალომე სამადაშვილიც:

ამ კაცს რა უნდა, ეგება გაარკვიოს, დროა პოლიტიკას შეეშვას, ვისაც უნდა იმას უმღეროს და “პაკლონზეც” იმასთან იაროს. გულისამრევია. წერტილი.”

პაატა ბურჭულაძის იმ კონცერტზე გამოსვლით, რომელსაც პუტინი ესწრებოდა, დამწუხრებულია გაერთიანებული ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძეც:

არ მინახავს ეს კადრები, გავეცნობი. ძალიან სამწუხაროა და ძალიან ვწუხვარ, თუ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი.”

ენმ-ის წევრი, მარიამ გერსამია, ასევე, სოციაურ ქსელში წერს, რომ მისთვის მიუღებელია პაატა ბურჭულაძის ქმედება:

დიდი კონტრასტი! გენიალურმა ხატია ბუნიათიშვილმა პარიზში დირიჟორ გერგიევთან კონცერტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა იმიტომ, რომ გერგიევმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონცერტები მოაწყო და იმიტომ, რომ გერგიევი გამოკვეთილად პუტინის პროპაგანდის მსახურია.

“გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთი ლიდერი, მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე ამ დღეებში თავად პუტინს (!) ჯერ “низкий поклон”-ით მიესალმა და მერე უმღერა. ვიტოვებ უფლებას, რომ პუტინთან ნებისმიერი რევერანსი ჩემთვის მიუღებელი იყოს!”

გაერთიანებული ოპოზიციის კიდევ ერთმა წევრმა, პაატა დავითაიამ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შესაძლოა ბურჭულაძემ არც იცოდა, პუტინი კონცერტს თუ ესწრებოდა. თუმცა დავითაიამ აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია იმ კონვერტზე სიმღერა, რომელსაც პუტინი ესწრება:

ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის ეს მიუღებელია, რადგან რუსეთის პრეზიდენტი არის ის მთავარსარდალი რუსეთის ფედერაციის, რომელმაც განახორციელა უშუალო ბრძანებები საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით.”

დავითაიას ჟურნალისტემა დღეს ჰკითხეს, ამ ფაქტის შემდეგ იქნება თუ არა კვლავ ბურჭულაძე მათი მოკავშირე, რაზეც გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა უპასუხა:

პაატა ბურჭულაძე ბატონი გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი იყო. აქედან გამომდინარე, არანაირ პრობლემას ვხედავ. ახლა ეს მისი პოზიციაა. ის გააგრძელებს თუ არ გააგრძელებს, არ ვიცი. ჩემთვის მიუღებელია ეს თემა, ცალსახად მინდა ხაზი გავუსვა, მაგრამ ისევეა მიუღებელი ჩემთვის საქართველოს პრეზიდენტი, რომლისთვისაც ლავროვი არის დიპლომატიის ეტალონი. მაშინ ქალბატონი ზურაბიშვილიც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, ეტალონად ლავროვი რომ ჰყავს. ამიტომ, ეს მსჯელობის და პიროვნული საკითხია. პოლიტიკურად, ხაზი მინდა გავუსვა, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია პუტინის წინაშე სიმღერა.”

ნეტგაზეთი პაატა ბურჭულაძის მიერ დაფუძნებული პარტიის “სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარეს, ნიკა მაჭუტაძეს დაუკავშირდა, რომელიც კომენტარის გაკეთებას დაგვპირდა, რაც ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ევროპული საქართველო

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ბურჭულაძე კულტურის სფეროში საქართველოს ერთ-ერთი სახეა და სანქტ-პეტერბურგში მისი სიმღერა სახელმწიფოსთვის განსაკუთრებულად მძიმე დარტყმა იყო.

ელენე ხოშტარიას თქმით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან იმღერებს და იცეკვებს, ეს ქვეყნისთვის ზურგში დარტყმის ტოლფასია:

ჩემი პარტიის წევრი რომ იყოს, ზუსტად იგივეს ვიტყოდი. ვინც ამას აკეთებს, სახელმწიფოს ზურგში დანას ურტყამს. ამ თვალსაზრისით არანაირი ორმაგი სტანდარტი არ არსებობს. ბურჭულაძე განსხვავებული შემთხვევაა, მომღერლის გარდა, საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ფიგურა იყო. განსაკუთრებული პასუხისმგებლობები აქვს და მისგან ასეთი საქციელი კიდევ უფრო მიუღებელია. იმას რომ თავი დავანებოთ, ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელია ის, როცა რუსეთი ილუზიას ქმნის, რომ ხალხი მათთან ურთიერთობაში თავს გადასარევად გრძნობს და ვითომ კულტურა სხვა სფეროა. პაატა ბურჭულაძე პოლიტიკოსია, კულტურის სფეროში საქართველოს ერთ-ერთი სახეა და მისგან განსაკუთრებულად მძიმე დარტყმაა სახელმწიფოსთვის.”

პაატა ბურჭულაძეს ევროპული საქართველოს კიდევ ერთი წევრი, გიგი წერეთელიც აკრიტიკებს:

პაატა ბურჭულაძეს ძალიან კარგად ვიცნობ. მასთან ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ეს იქნება პაატა თუ სხვა, ასეთ ვითარებაში, პუტინის წინ სიმღერა ცუდია.”

ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებები

პაატა ბურჭულაძე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე გაცილებით მწვავედ დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს.

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ბურჭულაძის პოზიცია არასდროს შეცვლილა, რადგან ის ყოველთვის იყო რუსული ნომენკლატურა. ვოლსკის შეფასებით, ეს ფაქტი განსაკუთრებით მიუღებელია იქიდან გამომდინარე, რომ ბურჭულაძე მოღვაწეობს როგორც ხელოვნების სფეროში, ასევე, ქართულ პოლიტიკაში:

კულტურაში, რასაკვირველია, ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ შეუთავსებადია პოლიტიკურ ამბიციებთან, რომელიც მას აქვს.”

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის შეფასებით, ხელოვანი თავისუფალია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ოკუპანტია, ხელოვნებასაც გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება:

პოლიტიკოსზე საუბარიც არ არის, ეს მიუღებელია.”

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი პაატა ბურჭულაძის რუსეთში სიმღერას უხერხულ და ამორალურ საქციელად აფასებს. მისი თქმით, პაატა ბურჭულაძე, როგორც მომღერალი, სხვადასხვა კონცერტის მონაწილე არაერთხელ ყოფილა და ამ შემთხვევაში განსაკუთრებული კითხვები მის მიმართ არ არის, მაგრამ, როგორც პოლიტიკოსი შეზღუდული უნდა იყოს:

როგორც ჩანს, არეულია პოლიტიკოსსა და მომღერალს შორის. პოლიტიკოსის მხრიდან ეს საქციელი, როგორც მინიმუმ, უხერხულია. მომღერალი თავის თავზე უფრო აგებს პასუხს, თუმცა არ გამოვრიცხავ, მომღერალს უფრო მეტი სოციალური და საჯარო პასუხისმგებლობა ჰქონდეს. ამ შემთხვევაში ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ პოლიტიკოსის ქმედებები ამორალურია, რომელიც სხვებს მორალს უკითხავს.”

 

ბურჭულაძემ რუსეთში იმ კონცერტზე იმღერა, რომელსაც პუტინი ესწრებოდა

მასალების გადაბეჭდვის წესი