ვენეციის კომისიის შენიშვნები საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე

ვენეციის კომისიამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საპროკურორო საბჭოს მოწყობა-ფუნქციებთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.

დოკუმენტში ვენეციის კომისია პოზიტიურად აფასებს გატარებული რეფორმების ნაწილს, თუმცა დასკვნაში წარმოდგენილი მოსაზრებები როგორც სასამართლოში, ასევე პროკურატურის სისტემაში, ძირეული რეფორმების საჭიროებაზე მიუთითებს.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) განცხადებთ, დოკუმენტში საუბარია იმ ცვლილებებზე, რომლებსაც საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, საიაც წლებია ითხოვენ.

კრეძოდ, კომისია მიიჩნევს, რომ საჭიროა საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა გახდეს პლურალისტური, მათ შორის, საბჭოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა უფრო მძლავრი მონაწილეობით.

ამასთან, ვენეციის კომისიის განცხადებით, საჭიროა გაიზარდოს საპროკურორო საბჭოს ფუნქციები მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორის, კომისია მიიჩნევს, რომ საპროკურორო საბჭოს უნდა ჰქონდეს კომპეტენციები ინდივიდუალური პროკურორების კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებზე, გენერალური პროკურორის ანგარიშზე რეაგირების ფუნქცია და ინდივიდუალური პროკურორების გენერალურ პროკურორზე სამსახურებრივი დაქვემდებარების მდგომარეობის დაბალანსების მიზნით საპროკურორო საბჭოს უნდა მიენიჭოს რიგი ფუნქციები.

საიაში აცხადებენ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, საპროკურორო საბჭოს ერთ-ერთ ფუნქციად განსაზღვრული აქვს პროკურატურის სისტემის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, თუმცა კანონი არ ადგენს მექანიზმს, რომლითაც საბჭო ამ ფუნქციის შესრულებას მოახერხებს.

ამასთან, ორგანიზაციის თქმით, პროკურატურის მკაცრად ცენტრალიზებული სისტემა და ყველა დონის ინდივიდუალური პროკურორის პირდაპირი დაქვემდებარება გენერალურ პროკურორთან, რომელიც ამჟამად მოქმედებს საქართველოში, მთავარ ხაზად გასდევს ვენეციის კომისიის დასკვნას და რამდენიმე თვალსაზრისით არის დაწუნებული კომისიის მიერ.

დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ პროკურატურის სისტემის არსებული სტრუქტურა ხელშემშლელია ამ სისტემის საქმიანობის მიმართ საზოგადოების ნდობის მოპოვების საქმეში.

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, კომისია მიიჩნევს, რომ საჭიროა ყველა გადაწყვეტილება იყოს დასაბუთებული. ასევე, საჭიროა კანონით დადგინდეს ზოგადი მოთხოვნა საბჭოს სხდომების ღიად გამართვის შესახებ და სხვა.

მათ შორის არის საჭიროება, რომ საბჭოს ყველა გადაწყვეტილება იყოს დასაბუთებული; რომ კანონით დადგინდეს ზოგადი მოთხოვნა საბჭოს სხდომების ღიად გამართვის შესახებ, და სხვა.

“ვენეციის კომისიის დასკვნა შეიცავს მითითებებს კომისიის წინა დასკვნებზეც, რაც გასულ წლებში გამოქვეყნდა როგორც პროკურატურის, ისე სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით. ამ კუთხით კომისია ხაზს უსვამს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც რეფორმაზე პასუხისმგებელი უწყებების მიერ არ იქნა გათვალისწინებული და კვლავ მოუწესრიგებელია”, – აცხადებენ საიაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა შესაბამის უწყებას, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოში მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმების განხორციელებაზე, უზრუნველყონ, რომ სასამართლოს და პროკურატურის სისტემების რეფორმის პროცესი გახდეს უფრო ყოვლისმომცველი, რეალურ გამოწვევებსა და პრობლემებზე ორიენტირებული და დროული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.