ახალი ამბები

გახარიას მუქარა სასაცილოა, ის ღარიბაშვილს ჰგავს – უგულავა

17 დეკემბერი, 2018 • 1447
გახარიას მუქარა სასაცილოა, ის ღარიბაშვილს ჰგავს – უგულავა

“გახარიას მუქარა არის სასაცილო. ის ჰგავს ღარიბაშვილს და, არა მგონია, ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” საუკეთესო წარმომადგენელი ყოფილიყო  მინისტრის და გინდაც პრემიერის რანგში”, – ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა შს მინისტრ გიორგი გახარიას გუშინდელ განცხადებას.

უგულავას აზრით, “ქართულმა ოცნებამ” პოლიცია პოლიტიკური მიზნებით გამოიყენა.

“ძალიან არასწორად და სახიფათოდ გამოიყურება, საკუთარი პრაქტიკიდან შემიძლია ვუთხრა გახარიას. მისი მუქარა არის სასაცილო. ის ჰგავს ღარიბაშვილს და, არა მგონია, ღარიბაშვილი საუკეთესო წარმომადგენელი ყოფილიყო  გინდაც მინისტრის და გინდაც პრემიერის რანგში. რაც მთავარია, ეს არის სახიფათო ქვეყნისთვის, პოლიციისთვის. ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის  “ქართულმა ოცნებამ პოლიცია გამოიყენა. პოლიცია მოვალეა იცაავდეს ჩემი, თქვენი და თუნდაც უკიდურესად რადიკალურად განწყობილი ადამიანის გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას”, – განაცხადა უგულავამ ტვ პირველის ეთერში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით,  კახეთში, ოპოზიციის აქციაზე განვითარებული მოვლენები სამართლებრივად გაანალიზდება და “შესაბამისი პასუხი მოეთხოვება” ყველას, ვის ქმედებებშიც სისხლის სამართლის შემადგენლობა გამოიკვეთება.

გახარიამ ოპოზიციის აქციისა და იქ მიმდინარე დაპირისპირებების შესახებ თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“მე მინდა, დიდი ბოდიში მოვუხადო და დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს; მინდა, დავპირდე მათ და სხვას არავის, რომ დღეს საღამოდან, ხვალინდელი დღიდან, ყველა პროვოკაციული ქმედება, რომელიც იყო განხორციელებული სხვადასხვა წერტილებში, სამართლებრივად იქნება გაანალიზებული და იქ, სადაც იქნება სისხლის სამართლის შემადგენლობა, ყველას, მიუხედავად სტატუსისა და თანამდებობისა, მოეთხოვება შესაბამისი პასუხი”, – განაცხადა მან.

 

ოპოზიციის საპროტესტო კოლონა თბილისიდან თელავისკენ გუშინ, 09:00 საათზე დაიძრა. მათ გომბორის გზა გადაკეტილი დახვდათ, იქ მხოლოდ საშვების მქონე ადამიანებს უშვებდნენ. ამის შემდეგ მათ გზა გურჯაანის გზით გააგრძელეს. ჩუმლაყთან გზა შსს-მ ავტობუსებით ჩაუხერგა.

შსს ამბობს, რომ გზა ან ფეხით უნდა გააგრძელონ (თელავამდე 30 კილომეტრია), ან ყვარლის გზით (60 კილომეტრი). აქციის მონაწილეები კი აცხადებდნენ, რომ ისინი პოლიციას წინასწარ არ გაუფრთხილებია ყვარლის მარშრუტზე და გზის გაგრძელებას გურჯაანის გზით ცდილობდნენ.

ოპოზიციის მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ ყვარლის მარშრუტის შესახებ პოლიციის ინფორმაცია ტყუილია. მათ ჩუმლაყთან მანქანებისა და ავტობუსების გზიდან  გადაყვანა რამდენჯერმე სცადეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი