ახალი ამბები

საქართველოში საშუალო თვიურმა ხელფასმა 1125 ლარი შეადგინა – საქსტატი

17 დეკემბერი, 2018 • 6034
საქართველოში საშუალო თვიურმა ხელფასმა 1125 ლარი შეადგინა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის მე-3 კვარტალში საშუალო თვიურმა ხელფასმა 1125.5 ლარი შეადგინა. საქსტატის განცხადებით, საშუალო ხელფასი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 56.4 ლარითაა გაზრდილი. საქსტატის განმარტებით, ამ სტატისტიკაში გაერთიანებულია როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები. უწყების განმარტებით, ამ სტატისტიკაში თვითდასაქმებულები არ შედიან.

ნეტგაზეთმა საქსტატს ჰკითხა, რა მონაცემებზე და მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით მიიღეს მსგავსი შედეგი? უწყებაში განგვიმარტეს, რომ ეს არის საწარმოებისა და ორგანიზაციების კვლევების მიხედვით მიღებული შედეგი, რომელიც ყოველკვარტალურად, ასევე წელიწადში ერთხელ ტარდება. რაც შეეხება მეთოდოლოგიას, საქსტატი საშუალო არითმეტიკულ მონაცემს იყენებს, ანუ იღებს ორგანიზაციის სახელფასო ფონდს და ყოფს იქ მომუშავეთა რაოდენობაზე ანუ მათზე, ვინც ხელფასი მიიღო.

შესაბამისად, თუ, მაგალითად, ორგანიზაციაში მუშაობს 5 ადამიანი. აქედან ერთის ხელფასი 2000 ლარია, ხოლო 4-ის – 300-300 ლარი, საშუალო არითმეტიკული გამოდის 640 ლარი.

საქსტატის განმარტებით, ამ კვლევაში არ ექცევიან საცალო ვაჭრობის ობიექტები (ბაზრობები), ასევე, სავალუტო ჯიხურები. საქსტატში გვითხრეს, რომ მსხვილი ორგანიზაციები სრულად მოიცვეს, ხოლო საშუალო ზომის ორგანიზაციები- შერჩევით და მცირედ შერჩევით.

საქსტატის განცხადებით, საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2354.3 ლარი (წლიური ზრდა 26.5 პროცენტი);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1867.9 ლარი (წლიური ზრდა 8.6 პროცენტი);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1785.0 ლარი (წლიური ზრდა 18.0 პროცენტი).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქმიანობის სახეების მიხედვით, თითქმის ყველა სექტორში კაცების ხელფასი ქალების ხელფასს აღემატებოდა და 2018 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 851.9 ლარით, ხოლო კაცების – 1360.5 ლარით განისაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი