ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოპოზიცია აფხაზეთში არჩევნებისთვის მზადაა

24 ივნისი, 2014 • • 1405
ოპოზიცია აფხაზეთში არჩევნებისთვის მზადაა

პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციაა, რომ არჩევნებში მხარი დაუჭირონ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს, პარტია “აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმის” თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრ რაულ ხაჯიმბას. მასთან ერთად ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურად წამოყენებულია ვიტალი გაბნია – ვეტერანების არასამთავრობო ორგანიზაცია “არუაა”-ს (“მეომრები”) თავმჯდომარე. “არუაა”-ს ყრილობამ უკვე მხარი დაუჭირა ამ რეკომენდაციას.

რაულ ხაჯიმბა: ფოტო: რია-ნოვოსტი
რაულ ხაჯიმბა: ფოტო: რია-ნოვოსტი

 

ხაჯიმბა-გაბნიას წყვილის დასახელება სრულიად მოსალოდნელი იყო. “მაისის რევოლუციის” ტალღაში ხაჯიმბა უსიტყვოდ გახდა არა მხოლოდ ნომინალური, არამედ რეალური ლიდერი, რომელმაც პოლიტიკური ძალები გააერთიანა ალექსანდრ ანქვაბის წინააღმდეგ. ქუჩის გამოკითხვები, რომელსაც ყოველკვირეულად ატარებს “ეხო კავკაზა”, მართალია, არ არის სტატისტიკურად რეპრეზენტატული, მაგრამ იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ სწორედ რაულ ხაჯიმბა აღიქმება გამარჯვებულად პრეზიდენტთან ბრძოლაში და ბევრი ამომრჩეველი სწორედ მისთვის აპირებს შანსის მიცემას, რომ, ბოლოს და ბოლოს, მანაც გამოავლინოს საკუთარი თავი.

 

არც ვიტალი გაბნიაა ამ წყვილში სუსტი რგოლი. ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტი სულ ახლხან გამოჩნდა აფხაზეთის პოლიტიკურ სცენაზე. ეს, რა თქმა უნდა, მას საკმაოდ მატებს ქულებს, რადგან საზოგადოება ცოტა არ იყოს დაიღალა იმით, რომ არჩევანის გაკეთება ყოველთვის კანდიდატების ერთსა და იმავე ნაკრებისგან უწევს.

 

ცხადია, ეს არ არის უნაკლო ანატომია. მისი სუსტი მხარეა ორივე კანდიდატის რეპუტაცია, რომ ისინი არიან აფხაზი ნაციონალისტები. შეიძლება დიდხანს იკამათო ხაჯიმბას გამოსვლების ტერმინებსა და ნიუანსებზე, რომელსაც მე საკმაოდ ზომიერ და ადეკვატურ პოლიტიკოსად შევაფასებდი, თუმცა რეალობა ისეთია, რომ, მაგალითად, ეთნიკურად ქართველებს აფხაზეთში მისი უბრალოდ ეშინიათ. თავის მხრივ, ეთნოკრატიული ინიციატივები, რომლებიც განიხილება ხოლმე “არუაა”-ს ფეიქბუქის გვერდზე, ნაკლებ პოპულარობას სძენს ხაჯიმბა-გაბნიას წყვილს აფხაზეთში მცხოვრებ სხვა ეროვნების წარმომადგენლებს შორისაც.

ვიტალი გაბნია
ვიტალი გაბნია

 

საერთო ჯამში, ნაციონალური საკითხი ამ დუეტის წინააღმდეგ მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუკი გალის რაიონის (ძველ საზღვრებში) მცხოვრებლებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჩამოერთმევათ. ერთი მხრივ, აფხაზეთის პარლამენტმა უკვე აღიარა, რომ უკანონო რაიონული კომისიების მიერ გაცემული პასპორტები, ჯამში, 26 ათასი დოკუმენტი, ვერ დაადასტურებს პირის მოქალაქეობას. მეორე მხრივ კი, არავითარი სამართლებრივი მექანიზმი ამ პასპორტების ანულირებისთვის დღეს, არჩევნებამდე პერიოდში არ ჩანს. პარლამენტარები რევოლუციას არ ელოდნენ და ამის გამო დანიშნეს პასპორტების შემოწმების პროცედურა და მათი შეცვლა ცხოვრების უფლების დოკუმენტებით (თუკი მოქალაქეს აქვს სხვა მოქალაქეობა, გარდა აფხაზეთის და რუსეთის მოქალაქეობისა) 2015 წლამდე. ამდენად, გალელების მონაწილეობა ამ წინასაარჩევნო რბოლაში ყველაზე კონფლიქტურ და ღია საკითხად რჩება.

 

ალტერნატიული კანდიდატი

 

აფხაზეთის პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭო ძალიან ეკლექტური გაერთიანებაა. ის შეიქმნა არა იმის ხარჯზე, რომ საკოორდინაციო საბჭოს სტრუქტურის წევრებს საერთო ხედვები აქვთ, არამედ იმის შედეგად, რომ პრეზიდენტი სრულიად უუნარო აღმოჩნდა მოლაპარაკებების წარმოებაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – ყველა გაერთიანდა ალექსანდრ ანქვაბის წინააღმდეგ. ასეთი კავშირები იშვიათადაა ძლიერი, რის გამოც არჩევნების თარიღის დანიშვნისთანავე მე ვთქვი, რომ პრეზიდენტობისთვის ორზე მეტი კანდიდატი იბრძოლებდა და არც შევცმდარვარ.

 

არჩევნებში მონაწილეობის გეგმის შესახებ განაცხადა ლეონიდ ძიაპშიპამ – ყოფილმა შს მინისტრმა, ამჟამად კი საერთო სამოქალაქო კავშირის – “კანონიერება, სტაბილურობა და დემოკრატია” – ხელძღვანელმა. ძიაპშიპა ასევე ახალგაზრდა პოლიტიკოსია. სერგეი ბაღაფშის სიცოცხლის ბოლო წელს შს მინისტრად დაინიშნა და საკმაოდ წარმატებული რეფორმების გატარებაც მოასწრო სამართალდამცავ სტრუქტურებში. საზოგადოებამ მაშინვე შენიშნა წმენდა მილიციონერებს შორის, რაღაც დონის წესრიგი გზებზე და ა.შ. აღმოჩნდა, რომ აფხაზს შეიძლება აიძულო ღვედის გაკეთება და მოძრაობის სიჩქარის დაცვაც კი.

 

თუმცა მინისტრის კარიერა, რომელსაც სერიოზულ პოლიტიკურ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მოულოდნელად შეწყდა სერგეი ბაღაფშის სიკვდილისა და ხელისუფლებაში ალექსანდრ ანქვაბის მოსვლის შემდეგ. ეს უკანასკნელი არ მალავდა თავის გრძნობას, რომ ლეონიდ ძიაპშიპა სძულდა. ეგრევე გაჩნდა სისხლის სამართლის საქმე აფხაზეთის ფეხბურთის ფედერეციის სახსრების გაფლანგვაზე, რომელსაც ძიაპშიპა თანათავმჯდომარეობდა. ამ საქმეში იმდენად ნათელი იყო თაღლითობის კვალი, რომ ამან აშკარად მიაყენა დარტყმა ალექსანდრ ანქვაბის იმიჯს.

ლეონიდ ძიაპშიპა, ფოტო: აფსნიპრესი
ლეონიდ ძიაპშიპა, ფოტო: აფსნიპრესი

 

არჩევნებში ძიაპშიპას რეალური პერსპექტივის შესახებ საუბარს, ვფიქრობ, აზრი არა აქვს. შესაძლოა, მან თავისი კანდიდატურა საკოორდინაციო საბჭოს სხვა წევრებთან მოლაპარაკების შედეგად წამოაყენა, მაგალითად, იმისთვის, რომ არჩევნები არ აღმოჩნდეს უალტერნატივო, ან რაიმე სხვა მიზეზით არ ჩაიშალოს.

 

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია სხვა კანდიდატურას არ წამოაყენებს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად საშიში იქნება ყოფილი პრეზიდენტის პარტიის მიერ წამოყენებული კანდიდატი. თუკი საფრთხე დიდი არ იქნება, არენაზე შეიძლება სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც გამოვიდნენ.

 

ვის წამოაყენებს ანქვაბი?

 

10 წლის წინ, როცა ალექსანდრ ანქვაბი აფხაზურ პოლიტიკაში დაბრუნდა, პრეზიდენტის სავარძლისკენ გზა მას დაუბლოკა კანონით გათვალისწინებულმა ცენზმა, რომ ის ბოლო წლებში არ ცხოვრობდა აფხაზეთში. მაშინ, როდესაც დევნილობიდან დაბრუნდა, იძულებული გახდა სხვა პოლიტიკოსზე დაედო ფსონი და მან სერგეი ბაღაფშს დაუჭირა მხარი. წლების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ეს კარგი არჩევანი იყო. ბაღაფშმა არა მხოლოდ მოიგო, არამედ, საბოლოო ჯამში, შეძლო ეფექტური და გაწონასწორებული სისტემის გამოძერწვა აფხაზეთის ორ ბანაკად გახლეჩილ საზოგადოებაში.

ალექსანდრე ანქვაბი
ალექსანდრე ანქვაბი

თავად ანქვაბი კი ამ ნიჭით დაჯილდოებული არ აღმოჩნდა. ამის გამო დღეს მის წინაშე იგივე ამოცანა დგას – იპოვოს ახალი სერგეი ბაღაფში. ეს ადვილი არ იქნება, რამდენადაც ანქვაბი ზედმეტად დომინანტური პოლიტიკოსი იყო, რომელიც არ აძლევდა მის გარემოცვაში ძლიერ ფიგურებს გამოჩენის საშუალებას. ამას გარდა, იმის გათვალისწინებით, თუ რით დასრულდა მისი მმართველობა, მგონია, რომ ეს კანდიდატი ყოფილი სახელისუფლებო გუნდისგან საკმაოდ შორს მდგომი ფიგურა უნდა იყოს.

 



სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი