ივნისის თვეში მმართველ კოალიციას 20-20 ათასი ლარი შეწირეს შპს “ჯეოსპირტპრომმა” და შპს “დუგლაძეების ღვინის კომპანიამ”.  “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, შემოწირულებად ითვლება პარტიის ანგარიშზე იმ იურიდიული პირის მიერ ჩარიცხული თანხა, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს ტერიტორიაზე და რომლის პარტნიორები და საბოლოო ბენეფიციარები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არიან.  აღნიშნულ კომპანიებში კი წილებს რუსეთის მოქალაქეები ფლობენ, მაგალითად, კომპანია “ჯეოსპირტპრომ”-ის 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთის მოქალაქე ვახტანგ კარიჭაშვილია, ხოლო “დუგლაძეების ღვინის კომპანია”-ში ოთხი პარტნიორიდან ერთი –  გიორგი კაპანაძე რუსეთის მოქალაქეა. მას ამ კომპანიაში წილის 8% ეკუთვნის.

 

“ამ შემთხვევაში დადგინდა, რომ ამ ორ იურიდიულ პირს ჰყავს უცხო ქვეყნის მოქალაქეები პარტნიორები. შესაბამისად, პარასკევს, 20 ივნისს ჩვენ მივწერეთ წერილი, რომ კანონის მიხედვით, “ქართულმა ოცნებამ” – შემოწირულობის მიმღებმა დააბრუნოს უკან მიღებული შემოწირულობის ოდენობა,” – უთხრა “ნეტგაზეთს”  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ზურაბ აზნაურაშვილმა.

 

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის 27-ე პრიმა მუხლის შესაბამისად,  “ქართულმა ოცნებამ” ეს თანხა, ჯამში, 40 ათასი ლარი 26 ივნისამდე უნდა დააბრუნოს, რადგან კანონით განსაზღვრულია ხუთდღიანი ვადა მას შემდეგ, რაც პარტია შეტყობინებას მიიღებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი პოლიტიკური გაერთიანება უკან არ დააბრუნებს თანხას, მაშინ ეს ფული სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირუცხება ხუთი სამუშაო დღის ვადაში.

 

ამას გარდა, იგივე კანონი ითვალისწინებს იმ პირის დაჯარიმებას, რომელმაც უკანონო შემოწირულობა განახორციელა. ზურაბ აზნაურაშვილის თქმით, მათ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი უკვე შეადგინეს, რომელიც ხვალ სასამართლოში გადაიგზავნება.

 

“შესაძლოა სასამართლოს გადაწყვეტილების შემთხვევაში იურიდიული პირი დაჯარიმდეს ორმაგი ოდენობით,” – აცხადებს აზნაურაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნული საკითხი ხუთი სამუშაო დღის ვადაში უნდა განიხილონ, რის შემდეგაც შესაძელოა შპს “ჯეოსპირტპრომი” და შპს “დუგლაძეების ღვინის კომპანია” – 40-40 ათასი ლარით დაჯარიმდნენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *