“ვესტ ჯგუფის” წილის 87.5 %-ის მფლობელმა ვახტანგ მარჯანიძემ მმართველ კოალიციას ივნისში 60 ათასი ლარი შეწირა, ისევე, როგორც ამავე კომპანიის დირექტორმა გიორგი მირუაშვილმა.
გიორგი მირუაშვილთან ერთად კომპანია “gaba”-ს მფლობელია ბაჩანა ადამია, რომელმაც “ქართულ ოცნებას” ივნისის თვეში, ასევე, 60 ათასი ლარი შეწირა, ისევე, როგორც შპს “gaba”-ს დირექტორმა გია დევდარიანმა.
“ვესტ ჯგუფი” რამდენიმე კომპანიას აერთიანებს. მათ შორისაა “კავკასენერგო”, რომლის წილის 100%-ს გიორგი მირუაშვილი ფლობს. ამავე კომპანიის მთავარი ბუღალტერია მაკა აბრამიშვილი, რომელმაც კოალიცია “ქართულ ოცნებას” ივნისის თვეში 50 ათასი ლარი შეწირა.
“ვესტ ჯგუფის” ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, შპს “კავკასენერგომ” 2013-14 წლებში 3 933 951 ლარის ღირებულების პროექტები განახორციელა, ასევე აქვს 6 887 712.7 ლარის ღირებულების მიმდინარე პროექტები. პროექტები ძირითადად მოიცავს მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების რეკოსნტრუქციას, ტრანსფორმატორების შეკეთებას, ხიდების მშენებლობას, წყლის მილების მონტაჟს და ა.შ. პროექტების დამკვეთებს შორის არიან აჭარის მთავრობა, თბილისის მერია, ბათუმის მერია, მარნეულის გამგეობა, ლენტეხის მუნიციპალიტეტი და სხვა დაწესებულებები.

“ვესტ ჯგუფის” წევრია, ასევე, კომპანია “MJM”, რომელიც 2012 წელს დაფუძნდა და რომლის წილის 100%-ის მფლობელი ვახტანგ მარჯანიძე 2014 წლის მარტიდან გახდა, მას შემდეგ, რაც ამ კომპანიის მფლობელმა მიხეილ კირვალიძემ ის მინდობილობით თავის წარმომადგენლად დანიშნა. მიხეილ კირვალიძემ “ქართულ ოცნებას” ივნისის თვეში 60 ათასი ლარი გადაურიცხა შემოწირულობის სახით.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროექტის “ტენდერების მონიტორის” მიხედვით, შპს “MJM”-ს 30 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული და მოგებული კონტრაქტების სავარუდო ღირებულებაა 2 476 048 ლარი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით კომპანია “MJM”-მ 2013 წელს ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზაზე მილის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა 179 999 ლარად.
“ვესტ ჯგუფის” ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შპს “MJM” განახორციელა ქუჩების ბეტონის საფარით მოწყობის კაპიტალური სამუშაოები ქუთაისსა და ტყიბულში. ვებ-გვერდზე მითითებული არ არის, თუ რა თანხის სამუშაოები შეისყიდა ქუთაისის მერიამ აღნიშნული კომპანიისგან. როგორც ქუთაისის ადგილობრივი მედია იუწყება, მხოლოდ ერთი კონკრეტული პროექტისთვის (ქუთაისის რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება) 2013 წელს შპს “MJM”-მ 270 ათასი ლარი მიიღო.
“ვესტ ჯგუფი” ქუთაისში ცემენტის ქარხანასაც ფლობს – ეს არის შპს “ქუთაისცემენტი”, ასევე ფლობს ქარხანას თბილისში – შპს “ჯეო მეტალს”, რომელიც ადნობს ფოლადს და ფერად ლითონს, ამზადებს ნებისმიერ ნაკეთობას ფერადი ლითონისაგან და ფოლადისგან.
როგორც კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილი ანგარიშიდან ირკვევა, ერთი კონკრეტული ბიზნესჯგუფის წარმომადგენლებისგან მმართველმა კოალიციამ ივნისის პირველ ორ კვირაში შემოწირულობის სახით, ჯამში, 350 ათასი ლარი მიიღო. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, პარტიას შემოწირულობის სახით ფიზიკური პირისგან შეუძლია წელიწადში მიიღოს არაუმეტეს 60 ათასი ლარი, ხოლო იურიდიული პირისგან – მაქსიმუმ 120 ათასი ლარი.
მიმდინარე წლის 1 ივნისიდან 13 ივნისამდე პერიოდში მმართველმა კოალიციამ ფიზიკური პირებისგან შემოწირულობის სახით, ჯამში, 612 914 ლარი მიიღო, ხოლო იურიდიული პირებისგან – 49 800 ლარი.
იურიდიული პირებიდან “ქართულ ოცნებას” ყველაზე მეტი თანხა, 20-20 ათასი ლარი შეწირეს შპს “ჯეოსპირტპრომ”-მა და შპს “დუგლაძეების ღვინის კომპანია”-მ. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, შემოწირულებად ითვლება პარტიის ანგარიშზე იმ იურიდიული პირის მიერ ჩარიცხული თანხა, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს ტერიტორიაზე და რომლის პარტნიორები და საბოლოო ბენეფიციარები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არიან. კომპანია “ჯეოსპირტპრომ”-ის 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთის მოქალაქე ვახტანგ კარიჭაშვილია, ხოლო “დუგლაძეების ღვინის კომპანია”-ში ოთხი პარტნიორიდან ერთი – გიორგი კაპანაძე რუსეთის მოქალაქეა. მას ამ კომპანიაში წილის 8% ეკუთვნის.
