ახალი ამბები

2018 წელს ყველაზე მეტი ჟურნალისტი თურქეთში დააკავეს – CPJ

15 დეკემბერი, 2018 •
2018 წელს ყველაზე მეტი ჟურნალისტი თურქეთში დააკავეს – CPJ

მედიის უფლებადამცველი ორგანიზაციის, “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის”(CPJ) ანგარიშის თანახმად, 2018 წელს მსოფლიოს მასშტაბით 251 ჟურნალისტი დააკავეს. კვლევის თანახმად, აღნიშნული რიცხვი ბოლო 3 წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, უცვლელი რჩება.

კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ჟურნალისტებისთვის ამ კუთხით ყველაზე მძიმე ვითარება თურქეთშია – გასულ წელს ქვეყანაში მედიის 68 წარმომადგენელი დააკავეს.

საერთო შედეგის მსგავსად, სტატისტიკაში არც თურქეთის პოზიცია იცვლება – უკვე მესამე წელია, ქვეყანა დაკავებული ჟურნალისტების რაოდენობით პირველ ადგილს “არ თმობს”.

თავისუფალ პრესას განსაკუთრებით მწვავე პრობლემები 2016 წლის ივლისში, თურქეთში განხორციელებული გადატრიალების მცდელობის შემდეგ შეექმნა. დაიხურა ათეულობით ტელევიზია, გაზეთი თუ ინტერნეტ გამოცემა.

აქტივისტებს გამოფენილი აქვთ თურქეთში დაკავებული ჟურნალისტების პორტრეტები თურქეთის საკონსულოს წინ, ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში. ფოტო: EPA/BAS CZERWINSKI 24.02.17

აქტივისტებს გამოფენილი აქვთ თურქეთში დაკავებული ჟურნალისტების პორტრეტები თურქეთის საკონსულოს წინ, ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში. ფოტო: EPA/BAS CZERWINSKI 24.02.17

CNN-ის ცნობით, 2016 წლის ივლისის მოვლენების შემდეგ კრიტიკულ და ოპოზიციონერ ჟურნალისტებს, თითქმის, ყოველთვე აკავებენ. ბრალდება, უმრავლეს შემთხვევაში, თურქეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ მოძრაობასთან თანამშრომლობაა, რომელსაც აშშ-ში მცხოვრები მქადაგებელი ფეთულა გიულენი ხელმძღვანელობს.

კრიტიკოსები აცხადებენ, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გადატრიალების მცდელობას მედიისა და საზოგადოების სხვა ჯგუფების წინააღმდეგ იარაღად იყენებს. თავად ერდოღანი კი ციხეებში მყოფ მედიის წარმომადგენლებს ჟურნალისტებადაც არ აღიარებს და მათ ტერორისტებს უწოდებს.

სხვადასხვა ორგანიზაციის მონაცემები თურქეთში დაკავებული ჟურნალისტების შესახებ, ზოგ შემთხვევაში, განსხვავებული მეთოდოლოგიის გამო, ერთმანეთს არ ემთხვევა. მაგალითად, “სტოკჰოლმის ცენტრი თავისუფლებისთვის”, რომელიც ქვეყნიდან იძულებით წასული ჟურნალისტებით კომპლექტდება, სიას აქვეყნებს და აცხადებს, რომ 2018 წელს თურქეთის ციხეებში მედიის გაცილებით მეტი, 242 წარმომადგენელი ჩასვეს, უმეტესობა, წინასწარი პატიმრობის მოტივით.

CPJ-ს ანგარიშის თანახმად, თურქეთის შემდეგ, ყველაზე მეტი, 47 ჟურნალისტი ჩინეთშია დაკავებული, 25 კი – ეგვიპტეში.

ორგანიზაცია ამბობს, რომ რიგი ქვეყნების “ავტორიტარული ქმედებები კრიტიკული გაშუქების მიმართ” ახალ ნორმად იქცა. კომიტეტი აკრიტიკებს დასავლეთსაც და აცხადებს, რომ თუ ის აქამდე ეწინააღმდეგებოდა მსგავს ქმედებებს, ახლა ნაკლებად ჩანს.

“თეთრი სახლის მხრიდან არ ჩანს რაიმე სახის ზეწოლა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ჟურნალისტებს აკავებენ], ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ”, – უთხრა ანგარიშის ავტორმა ელენა ბეისერმა CNN-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი