ახალი ამბები

თარჯიმნები სამთავრობო ტენდერების კომპანიას ანაზღაურების გადაუხდელობაში ადანაშაულებენ

14 დეკემბერი, 2018 • 2257
თარჯიმნები სამთავრობო ტენდერების კომპანიას ანაზღაურების გადაუხდელობაში ადანაშაულებენ

რამდენიმე თარჯიმანი შპს “თბილისის ბიზნეს სახლს” ანაზღაურების დაგვიანებასა და გადაუხდელობაში ადანაშაულებს. კომპანია, რომელიც ხშირად მონაწილეობს სამთავრობო ტენდერებში, აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს. თარჯიმნებმა უკვე მიმართეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, ამის შემდეგ კი სასამართლო დავის დაწყებას გეგმავენ.

თარჯიმნებმა ორგანიზაცია “სოლიდარობის ქსელთან ერთად” დღეს, 24 დეკემბერს, პრესკოფერეცია გამართეს. მათი თქმით, ორგანიზაციასთან ერთად მათ საგამოძიებო სამსახურსაც მიმართეს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მათ დაუდასტურა მოკვლევის დაწყება. ნეტგაზეთს უწყებაში უთხრეს, რომ საქმის შესახებ განცხადება საგამოძიებო სასამახურში 6 დეკემბერს შევიდა.

განცხადებაში მოყვანილი ფაქტების შესწავლის მიზნით, საგამოძიებო სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.

“თარჯიმნად თბილისის ბიზნესსახლში ვმუშაობდი 2015 წლის მაისიდან 2018 წლის სექტემბრის ჩათვლით- როგორც წერილობით, ასევე ზეპირ თარგმანზე. ჩვენი ხელშეკრულების თანახმად, რომელიც არათუ შრომითი, არამედ მომსახურების უვადო ხელშეკრულება იყო, ანაზღაურება უნდა ჩამრიცხვოდა მომდევნო თვის, დაახლოებით, 15 რიცხვისთვის.

მთელი ჩემი მუშაობის განმავლობაში ხშირად მიგვიანებდნენ ანაზღაურებას. ფაქტობრივად, დროულად თანხა მხოლოდ 2-ჯერ ჩაირცხეს,” – უყვება ნეტგაზეთს თარჯიმანი თეა ღავთაძე.

ღავთაძის თქმით, კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი გაგნიძე თარჯიმნებს არწმუნებდა, რომ მათთვის ხელფასების გადახდა გვიანდებოდა სხვა პირების მიმართ კომპანიის დავალიანების დაგროვების გამო. სწორედ ამიტომ, როგორც ღავთაძე ამბობს, გაგნიძემ თარჯიმნებს სთხოვა, რომ დარეგისტრირებულიყვნენ ინდივიდუალურ მეწარმეებად და თანმდევ საშემოსავლოს – 5 პროცენტს – ხელფასზე დაუმატებდა. თეა ღავთაძის თქმით, კომპანიამ დაპირება არ შეასრულა და თანამშრომლებს არც ხელფასები ჩაურიცხთა და არც – დაგროვილი დავალიანება.

“მათ თანამშრომლების მიმართ დაუგროვდათ 14 თვის ანაზღაურების დავალიანება, რომელსაც რიცხავდნენ პერიოდულად. პირადად მე ბოლო ხელფასი დამერიცხა ივლისის ბოლოს და ეს იყო ჩემი აპრილის თვის ანაზღაურება. მას შემდეგ ჩარიცხვა შეწყდა. კომპანიას ახლა ჩემთვის ხუთი თვის ხელფასი აქვს გადასახდელი – მაისიდან სექტემბრის ჩათვლით” ,- დასძენს თეა ღავთაძე.

თარჯიმანი განმარტავს, რომ თანამშრომლები თითქმის ყოველდღე მიდიან ოფისში მოთხოვნებითა და პროტესტით. ბოლო შეხვედრაზე ისინი “სოლიდარობის ქსელის” წარმომადგენელთან ერთად მივიდნენ. სწორედ ამ დროს მათ განუცხადეს, რომ კომპანიას თანხა არ აქვს.

“მიზეზად დაასახელეს, რომ მათ ტენდერის შემდეგ სახელმწიფო სტრუქტურები თანხებს დროულად არ ურიცხავდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში კი ამბობდნენ, რომ სხვა თარჯიმნები არ ასრულებდნენ კარგად მათ მოვალეობებს და კომპანიას ჯარიმის გადახდა უწევდა.

მათ შემოგვთავაზეს, რომ ჩვენი დავალიანება გადაენაწილებინათ. კომპანიას ჩემი ვალი – 736 ლარი- 2 წელიწადზე უნდა გადაენაწილებინა, რაც ნიშნავს, რომ თვეში დაახლოებით 31 ლარი უნდა დამრიცხვოდა. უარი რომ ვუთხარით, სასამართლოსთვის მიმართვა შემოგვთავაზეს”, – ამბობს თეა ღავთაძე.

ღავთაძის თქმით, დაზარალებულმა თარჯიმნება ჯერ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართეს, მომავალში კი აუცილებლად მიმართავენ სასამართლოსაც.

კიდევ ერთი თარჯიმანი, რომელიც ამბობს, რომ კუთვნილი ანაზღაურება არ დაურიცხეს, გიორგი მერლანია. ნეტგაზეთთან საუბარში ის განმარტავს, რომ კომპანიას მის მიმართ 7 თვის დავალიანება აქვს. მისივე თქმით, აგვისტოში კომპანიამ მას 105 ლარი ჩაურიცხა, თუმცა დავალიანება გაცილებით უფრო დიდ თანხას შეადგენს.

“ეს იყო მცირედი, მოსატყუებელი თანხა. ამასთანავე, მე შემომთავაზეს, რომ დავალიანებას რამდენიმე თვეზე გადაანაწილებდნენ, რასაც დავთანხმდი. თუმცა ეს პირობაც კომპანიამ არ შეასრულა,” – ამბობს გიორგი მერლანი.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ თარჯიმანთა გუნდი და “სოლიდარობის ქსელი” სასამართლოს მიმართავს, აუცილებლად შეუერთდება სარჩელს.

რაც შეეხება თავად კომპანიის პოზიციას, მისი ხელმძღვანელის, გიორგი გაგნიძის თქმით, ბრალდებები, რომლებსაც თარჯიმნები მათ უყენებენ, უსაფუძვლოა. მისი თქმით, კომპანნიაში 1 146 თანამშრომელი მუშაობს, ხოლო პრეტენზიები მხოლოდ რამდენიმეს აქვს.

“ეს არის აგორებული კამპანია ჩვენი კონკურენტის მხრიდან. თავიდან ამ ბრალდებებზე საუბარი დაიწყო ორმა თარჯიმანმა და მას შეუერთდნენ ის თანამშრომლები, რომლებსაც ანაზღაურება, უბრალოდ, დაუგვიანდა. საქმე ის არის, რომ ეს ძალიან რთული პროცესია. ზოგჯერ აქტები იკარგება, ქსეროქსები გვავიწყდება და ა.შ. ეს ნორმალური ხარვეზებია.

დასაქმებული თანამშრომლებიდან მაქსიმუმ,10 თარჯიმანს აქვს ეს ბრალდებები. ყველა თანამშრომელმა იცის, რომ 25 რიცხვამდე ყველაფერი გასწორდება. რეალურად, მათივე ხარვეზები გასწორდება,” – ამბობს გიორგი გაგნიძე.

გიორგი გაგნიძე ნეტგაზეთთან საუბარში ასევე განმარტავს, თუ რატომ სთხოვა კომპანიამ თანამშრომლებს მცირე მეწარმეებად დარეგისტირება. მისი თქმით, წლების განმავლობაში სამთავრობო უწყებების მხრიდან თარჯიმნობის ანაზღაურება მცირდება. თუ ადრე ეს იყო 15 ლარი, გაგნიძე დასძენს, რომ ახლა საათობრივი გადასახადი 7 ლარს შეადგენს. ამასთანავე, კომპანიების კონკურენციის დროს ეს ფასები კიდევ მცირდება.

“სწორედ ამიტომ, სფეროს სპეციალისტებთან კომუნიკაციების შემდეგ, ჩვენ გვითხრეს, რომ მათი მცირე მეწარმეებად დარეგისტრირების შემდეგ პროცესი უფრო დაბალანსებული გახდებოდა. ადრე საშემოსავლო იყო 5%, ახლა, დაახლოებით, 1%-ია.

ჩვენმა კომპანიამ ყველას არა, მაგრამ გამორჩეულ თანამშრომლებს შესთავაზა, რომ რაკიღა ეს პროცესი ნერვებისა და დროის ფასად დაუჯდებოდა, მოტივაციის ამაღლებისთვის მათ დაემატებოდათ ხელფასზე ის პროცენტული განაკვეთი, მაგრამ საუბარი იყო მხოლოდ “ტოპ” თანამშრომელბზე,” – ამბობს გიორგი გაგნიძე.

როგორც ტენდერების ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემებით ირკვევა, “თბილისის ბიზნეს სახლს” მოგებული აქვს არაერთი სახელმწიფო უწყების ტენდერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი