ახალი ამბები

საჯარო სამსახურზე კანონპროექტი გაიწვიეს, პრეზიდენტთან რეორგანიზაცია მაინც იქნება

13 დეკემბერი, 2018 • 1383
საჯარო სამსახურზე კანონპროექტი გაიწვიეს, პრეზიდენტთან რეორგანიზაცია მაინც იქნება

საჯარო სამსახურის შესახებ კანონპროექტს, რომელიც  პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების სამსახურში მიღების ახალ წესს არეგულირებდა, უმრავლესობა უკან გაიწვევს. ამის მიუხედავად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია მაინც განხორციელდება.

როგორც დღეს, 13 დეკემბერს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მედიას განუცხადა, გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა “არგუმენტირებული მსჯელობის” შემდეგ მიიღო.

“ვიდრე ამაზე პარლამენტს გარეთ ძალიან სერიოზული და, შეიძლება ითქვას, ხელოვნური აჟიოტაჟი იყო, გუნდის შიგნით მიდიოდა რეალური, არგუმენტირებული მსჯელობა და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს კანონპროექტი განხილული აღარ იქნება, ანუ გაწვეული იქნება და ამის არგუმენტები იყო ძალიან მყარი. მაგრამ მეორე მხრიდანაც ძალიან სერიოზული არგუმენტები იყო”, – აღნიშნავს მდინარაძე.

მიუხედავად ცვლილებების გაწვევისა, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია მაინც განხორციელდება. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ამისთვის კანონში ცვლილებები საჭირო არ არის.

“ჩემი პოზიციაა, რომ კანონში ცვლილების გარეშეცაა შესაძლებელი რეორგანიზაციის განხორციელება. როგორც მოგეხსენებათ, ბიუჯეტის კანონის თანახმად, მცირდება შტატების რაოდენობა. იყო გაბერილი შტატები, რასაც თავიდანვე ველოდით და რაც ნათლად ჩანდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ნაცვლად გათვალისწინებული 140 შტატისა, კანონის თანახმად, იქნება 60 შტატი”, – აცხადებს ის.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღესვე კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ პროცესი კანონის დაცვით წარიმართება.

“იქნება რეორგანიზაცია, ცხადია. ახალი პრეზიდენტი შემოდის და შემცირებული არის საერთოდ ადმინისტრაცია, რაც მიმაჩნია სრულაიდ საჭიროდ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არ შეიძლება იყოს ან ზედმეტი ხარჯები, ან ზედმეტი პერსონალი. მაგრამ რაც იქნება საჭირო ეფექტურობისთვის, ის ადამიანები იმუშავებენ. რეორგანიზაცია იქნება, კონკურსი და კანონი იქნება სრულიად დაცული”, – თქვა მან.

რას გულისხმობდა კანონპროექტი და რატომ აკრიტიკებდნენ მას

2018 წლის 6 დეკემბერს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა, გურამ მაჭარაშვილმა და რატი იონათამიშვილმა დაარეგისტრირეს ცვლილების პროექტი საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, რომლის მიზანი იყო ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა წრის გაფართოება და მასში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა მოქცევა.

ცვლილებათა მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ათობით თანამშრომელი აღარ იქნებოდა საჯარო მოხელე, რაც, შესაძლოა, ათეულობით მათგანის უკომპენსაციოდ გათავისუფლების საფუძველი გამხდარიყო.

მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები კანონპროექტს მწვავედ აკრიტიკებდნენ.

ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი, აცხადებდა, რომ დაგეგმილ ცვლილებები იყო “ვერაგული და ლაჩრული გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან მიმართებაში”.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი კი კანონპროექტს დაუსაბუთებლად მიიჩნევდა და აღნიშნავდა, რომ ის სრულიად ეწინააღმდეგებოდა საჯარო სამსახურის შესახებ რეფორმის სულისკვეთებას.

კანონპროექტის შინაარსის კრიტიკა ისმოდა არასამთავრობო სექტორის მხრიდანაც: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებდა, რომ ინიცირებული ცვლილება ლახავდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული საჯარო მოხელეების უფლებებს, რისკის ქვეშ აყენებდა საქართველოში ეფექტური, მდგრადი და პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სექტორის ჩამოყალიბებას და მთლიანობაში საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი