ახალი ამბები

ზუგდიდის მერიის მაღალჩინოსნის ყოფილი კომპანია მუნიციპალიტეტის ტენდერებს იგებს – TI

13 დეკემბერი, 2018 • 1680
ზუგდიდის მერიის მაღალჩინოსნის ყოფილი კომპანია მუნიციპალიტეტის ტენდერებს იგებს – TI

ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის, ლაშა ჯაიანის ყოფილმა კომპანიამ შპს „ევრომშენი 999”, 2016-2018 წლებში, 70-ზე მეტ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 39 შემთხვევაში გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI) ავრცელებს.

TI-ის ცნობით, დადებული ხელშეკრულებების აბსოლუტური უმრავლესობა (35) ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და მის სამართალმემკვიდრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაზე მოდის. ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 1,628,151 ლარია. 2018 წლის ნოემბერში შპს „ევრომშენი 999”-ს  ზუგდიდის მერიასთან  29,773 ლარის ღირებულების გამარტივებული ხელშეკრულებაც აქვს გაფორმებული.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ლაშა ჯაიანი  ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსად 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა. მანამდე (2016 წლის ნოემბრიდან) იგი ზუგდიდის გამგეობის მშენებლობის სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.

“ლაშა ჯაიანმა შპს „ევრომშენი 999” 2016 წლის მაისში დააფუძნა, რა დროსაც  კომპანიის 100%-იანი წილსა და დირექტორის პოზიციას თვითონვე ფლობდა. ზუგდიდის გამგეობის მშენებლობის სამსახურის უფროსად დანიშვნის შემდგომ კი (2016 წლის ნოემბერი), კომპანიის 100%-იანი წილი და დირექტორის პოზიცია უსასყიდლოდ დაუთმო დიმა ჯღამაიას.

სწორედ 2016 წლის ნოემბრიდან იწყებს ტენდერებში მონაწილეობას შპს „ევრომშენი 999”. მანამდე მას არცერთ სახელმწიფო შესყიდვასა და ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

TI-ის ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და მერიასთან მოგებული 35 ტენდერიდან ლაშა ჯაიანი 27 შემთხვევაში იყო სატენდერო კომისიის წევრი. თუმცა, ყოველ ჯერზე, როგორც სატენდერო კომისიის წევრი, ჯაიანი დოკუმენტზე ხელმოწერით აღნიშნავდა, რომ არ იმყოფება ინტერესთა კონფლიქტში შპს „ევრომშენი 999”- თან.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით, შპს ევრომშენი 999”-ის მიერ ტენდერებში გამარჯვება და ზემოთ მოყვანილი გარემოებები წარმოშობს ეჭვს და აჩენს კითხვებს სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით, რაზეც ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უნდა გასცეს სრულყოფილი და ამომწურავი პასუხი.

ასევე, მოვუწოდებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს შპს ევრომშენი 999”-ის მიერ ზუგდიდის გამგეობისა და ზუგდიდის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვების კანონიერების საკითხი”, – აცხადებებ TI-ში.

ზუგდიდის მერიაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა საჯაროა და ნებისმიერ მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს სასურველ ტენდერში, თუ ის აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

“სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტის გამარჯვებულად გამოვლენა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, შპს ევრომშენი გამარჯვებულად გამოვლინდა მხოლოდ იმ ტენდერებში, სადაც სრულყოფილად დააკმაყოფილა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნები. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებას იღებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და იცავს არადისკრიმინაციულობის და თანასწორობის პრინციპებს. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებები საჯაროა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაეცნოს”, – აცხადებენ მერიაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი