პოლარიზაციის კლება და ზედაპირული გაშუქება – როგორ მუშაობდა ონლაინ მედია ბოლო სამ არჩევნებზე

“გაეროს განვითარების პროგრამისა” და ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგების მიხედვით, რომელიც ქვეყანაში ჩატარებული ბოლო სამი არჩევნების პერიოდს მოიცავს, ქართულ ონლაინ მედიაში უფრო და უფრო მცირდება პოლარიზაცია.

სამწლიანი მონიტორინგის ანგარიშში ნათქვამია, რომ ონლაინ გამოცემების დიდი ნაწილი ცდილობს და ახერხებს ჟურნალისტური სტანდარტების დაცვას. თუმცა, დოკუმენტის მიხედვით, ქართული ონლაინ მედიისთვის მწვავე გამოწვევას წარმოადგენს სარეკლამო სტატიების არასათანადო გამიჯვნა სარედაქციო მასალებისგან და მოვლენების ზედაპირული გაშუქება.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ონლაინ გამოცემების დიდი ნაწილი, უმეტესად, ყურადღებას უთმობს მხოლოდ პოლიტიკოსთა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელთა განცხადებებსა და ყოველდღიურ საქმიანობას. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ონლაინ გამოცემებში იშვიათად გვხვდება ჟურნალისტთა მხრიდან ექსკლუზიური თემების მოძიება, ფაქტების გადამოწმება და დამატებითი ინფორმაციის წყაროოებთან დაკავშირება და ა.შ.

მიუხედავად ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რამდენიმე ონლაინ გამოცემა, მათ შორის, Netgazeti.ge და რეგიონულ ონლაინ მედიაში Batumelebi.ge, ახერხებს საკითხების მიუკერძეოებლად და სიღრმისეულად გაშუქებას:

“მეორე მხრივ, არაერთ ონლაინ გამოცემაში გვხვდებოდა არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების მეტად მიუკერძოებული და სიღრმისეული გაშუქება. ვებსაიტები, Netgazeti.ge, Civil.ge, On.ge, Liberali.ge და ხშირ შემთხვევაში Tabula.ge ახერხებდა მკითხველისთვის არა მხოლოდ ზეაპირული, არამედ სიღრმისეული ანალიზის მიწოდებას როგორც საარჩევო პროცესებთან, ასევე კანდიდატების საარჩევნო პროგრამებთან, მათი დაფინანსების წყაროებთან და არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

წინასაარჩევნო პერიოდში საკმაოდ ობიექტურად შუქდებოდნენ სხვადასხვა პარტიის მერობის კანდიდატები. განსაკუთრებით შეიძლება გამოიყოს batumelebi.ge, reginfo.ge და sknews.ge, რომლებიც მკითხველს ხშირად სთავაზობდნენ ექსკლუზიურ მასალებსა და საკითხების მრავალმხრივ და კრიტიკულ ანალიზს” – ვკითხულობთ ანგარიშში.

სამწლიანი მედიამონიტორინგის შედეგების მიხედვით, ქართულ ონლაინ მედიაში ყოველწლიურად უმჯობესდება მდგომარეობა ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დაცვის კუთხით. ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ პრაქტიკულად აღარ გვხვდება შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ტერმინოლოგია ჟურნალისტთა ტექსტებში, უფრო და უფრო მცირდება გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოქვეყნების შემთხვევები.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2018 წლის მონიტორინგის პერიოდში ჟურნალისტური ეთიკის ნორმების უხეში დარღვევები გვხვდებოდა მხოლოდ ორ ვებსაიტზე:

“Reportiori.ge-სა და Marshalpress.ge-ზე 2016-2018 წლის მონიტორინგის პერიოდში მოვლენები შუქდებოდა ცალმხრივად და ჟურნალისტური სტანდარტების სხვადასხვა დარღვევის ფონზე. Reportioti.ge-ზე შეგვხვდა კლასიკური ყალბი ცნობის გამოქვეყნების შემთხვევაც” – ვკითხულობთ ანგარიშში.

მთლიანობაში, ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ ქართულ ონლაინ მედიაში მწვავე გამოწვევას წარმოადგენს საკითხების ზედაპირული გაშუქება და კრიტიკული ანალიზის ნაკლებობა. ანგარიშში ნათქვამია, რომ  ონლაინ გამოცემების დიდი ნაწილი, უმეტესად, ყურადღებას უთმობს მხოლოდ პოლიტიკოსთა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელთა განცხადებებსა და ყოველდღიურ საქმიანობას.

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ეს ტენდენცია საარჩევნო პერიოდშიც გამოჩნდა, როდესაც ვებსაიტების დიდი ნაწილი, უმეტესად, უკომენტაროდ და შესაბამისი ანალიზის გარეშე აშუქებდა საარჩევნო სუბიექტთა ყოველდღიურ საქმიანობასა და წინასაარჩევნო დაპირებებს. ასევე, ნაკლებ ყურადღებას უთმობენ კანდიდატთა საარჩევნო პროგრამების სიღრმისეულ ანალიზს:

“მონიტორინგის შედეგაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქართული ონლაინ მედია ახერხებს მკითხველის ინფორმირებას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების შესახებ, თუმცა სასურველია, მეტი ყურადღება ეთმობოდეს საკითხების სიღრმისეულ კრიტიკულ ანალიზს” – ვკითხულობთ ანგარიშში.

აღნიშნული მედიამონიტორინგის ფარგლებში მონიტორები არ აკვირდებოდნენ ტელეარხების ვებსაიტებს, სადაც ტელევიზიისგან განსხვავებული კონტენტიც იდება ხოლმე (მაგალითად, imedinews.ge, 1tv.ge, rustavi2.ge). შესაბამისად, ამ კვლევაში საერთოდ არ არის ასახული ტელევიზიების ამ პლატფორმების მუშაობის სპეციფიკა.


მედიამონიტორინგი “გაეროს განვითარების პროგრამისა” და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. კვლევა მოიცავს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და 2018 წლს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდს.

წინასაარჩევნო პერიოდში მედიამონიტორინგს ახორციელებდნენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები:

  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია – სატელევიზიო ახალი ამბებისა და სატელევიზიო თოქშოუების მონიტორინგი;
  • ინტერნიუს-საქართველო –  რადიოების მონიტორინგი;
  • სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI) – ბეჭდური და ონლაინ მედიის მონიტორინგი.

მონიტორინგის ანგარიშს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

ამავე თემაზე:

პროპაგანდით ჩანაცვლებული ჟურნალისტიკა – როგორ გააშუქეს არჩევნები ტელევიზიებმა

ზედაპირული გაშუქება და ამომრჩეველზე ზემოქმედება – როგორ გაშუქდა არჩევნები პრესასა და რადიოში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.