ახალი ამბები

“ევროპული საქართველო” და “რესპები” ოპოზიციის აქციას არ უერთდებიან, “ლეიბორისტები” — კი

12 დეკემბერი, 2018 • 2481
“ევროპული საქართველო” და “რესპები” ოპოზიციის აქციას არ უერთდებიან, “ლეიბორისტები” — კი

16 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაგეგმილ აქციას ზურაბიშვილის წინააღდმდეგ არ უერთდებიან ოპოზიციური პარტიები “ევროპული საქართველო” და რესპუბლიკური პარტია; “ლეიბორისტული პარტია” კი აქციას სოლიდარობას უცხადებს და აცხადებს, რომ მათი მხარდამჭერებიც იქნებიან დემონსტრაციაზე.

გრიგოლ ვაშაძემ 12 დეკემბერს დააანონსა, რომ 16-ში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, თელავში მშვიდობიან აქციას ჩაატარებენ.

“ევროპული საქართველო”

როგორც ნეტგაზეთს ევროპული საქართველოს სპიკერმა, ირაკლი კიკნაველიძემ უთხრა, პარტიის პოზიციით, პროტესტის გამოხატვა სრულიად სამართლიანი და ლეგიტიმური უფლებაა, რადგან “ხელისუფლება უკვე ბევრს აშავებს”, თუმცა მათი პარტია 16 დეკემბერს აქციას არ უერთდება.

“არ ვართ მონაწილეები, რადგან მიგვაჩნია, რომ ისეთ პოლიტიკურ პროცესში არ ღირს შესვლა, რომლის კონკრუტულ შედეგსაც ამომრჩეველს ვერ დავანახებთ”,- უთხრა ნეტგაზეთს კიკნაველიძემ.

12 დეკემბერს პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ მათ არ სურთ, “ცრუ მოლოდინები” შეუქმნან ამომრჩეველს და დასძინა, რომ “ევროპული საქართველოს” მიზანი საარჩევნო სისტემის შეცვლის გრძელვადიანი კამპანიაა.

რესპუბლიკური პარტია

დავით ბერძენიშვილი, რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ “რესპუბლიკელები” 16 დეკემბრის აქციას არ შეუერთდებიან, “ისევე როგორც 2-ში არ ვყოფილვართ”.

ბერძენიშვილის თქმით, პარტია გაერთიანებული ოპოზიციის მიმართ “საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით სოლიდარულია”, თუმცა, “რაც შეეხება პროტესტის გამოხატვის ფორმას, [ამაში არა]. ისინი არამარტო სალომე ზურაბიშვილს აცხადებენ არალეგიტიმურად, არამედ უფრო და უფრო ხშირად ისმის ფრაზა “ე.წ. ხელისუფლება”. მთელი ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხის დასმას თუ აპირებენ, ეს სცდილდება “რესპუბლიკელების” ხედვებს”, – ამბობს იგი.

“ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ვითხოვთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, როგორც რამდენიმე სხვა პარტია, და ამ მოთხოვნაში ერთიანები ვართ. ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესში”, – ამბობს ბერძენიშვილი. მისი თქმით, “ესაა მთავარი და ამის მერე უნდა ჩატარდეს არჩევნები”.

ლეიბორისტული პარტია

ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მათი პარტია სოლიდარობას უცხადებს “ნებისმიერ გამოსვლას, რომელიც მიმართულია ოლიგარქიული დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც ტოტალურად გააყალბა არჩევნები და სხვა მრავალი დანაშაული ჩაიდინა”.

გიორგი გუგავა, ლეიბორისტების ლიდერი. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

გუგავა ამბობს, რომ ისინი “სოლიდარობას უცხადებენ” აქციას, თუმცა “ტაქტიკურად, რა როგორ იქნება, ფიზიკური დასწრების საკითხს გადავწყვეტთ. ბუნებრივია, სოლიდარობა იმას გულისხმობს, რომ ჩვენი მხარდამჭერებიც იქნებიან”.

“რაც მეტი წინააღდმდეგობა იქნება, მით უფრო მალე გაემოხსნება ქვეყანა ამ შავ ჭირს”, დასძინა გუგავამ.

აქცია გაიმართება თელავში, თბილისში და სხვა ქალაქებშიც – ვაშაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი