ახალი ამბები

პეტიცია, შშმ პირების მეურვეთათვის ფინანსური დახმარების დანიშვნაზე

12 დეკემბერი, 2018 • 2567
პეტიცია, შშმ პირების მეურვეთათვის ფინანსური დახმარების დანიშვნაზე

უკვე რამდენიმე წელია, რაც “მშობელთა გაძლიერებისა და თანადგომის ცენტრი” შშმ პირების მეურვეებისთვის დახმარების დანიშვნას ითხოვს. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი, ნათია შარვაძე ნეტგაზეთს უყვება, ჯერჯერობით სახელმწიფოს მათ პეტიციაზე რეაგირება არ ჰქონია.

ნათია შარვაძე გვიყვება, რომ პირველი პეტიცია, რომელიც 5 პუნქტისგან შედგებოდა, 2014 წელს შეიქმნა. აღნიშნული პეტიცია რამდენიმე ასპექტს მოიცავდა, მათ შორის შშმ ბავშვების რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამის თანადაფინანსებასა და პენსიის ზრდას.

“მათ შორის ერთ-ერთი პუნქტი იყო მომვლელის ფინანსური დახმარება, ერთგვარი პენსია. არიან პირები, რომლებსაც 24-საათიანი დახმარება სჭრიდებათ. ჩვენი მოთხოვნებიდან რამდენიმე პუნქტი დაკმაყოფილდა, მათ შორის მოწესრიგდა რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამა, გაეზარდათ პენსია ბავშვებს [180 ლარი], მაგრამ მომვლელის დაფინანსება ჰაერში დარჩა,” – ამბობს “მშობელთა გაძლიერებისა და თანადგომის ცენტრის გამგეობის წევრი ნათია შარვაძე.

მისი თქმით, დაახლოებით 3 წლის წინ მათ ახალი პეტიცია შექმნეს, რომელსაც 3 000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს და რომელიც კიდევ ერთხელ ითხოვს მომვლელისთვის პენსიის დანიშვნას. პეტიცია მაშინდელი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის და ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს სახელზე იყო შედგენილი.

“ამ პეტიციაში ჩვენი კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი მომვლელის პენსიის აუცილებლობას. ჩვენ ვამბობთ, რომ მეურვეს დაენიშნოს მოვლისთვის გარკვეული ფინანსური დახმარება. ჩვენ მთავრობას შევთავაზეთ კიდეც, რომ თუ აღნიშნული ფინანსური პაკეტი ძალიან ძვირი დაჯდებოდა, პენსიის ნაცვლად, იმ მომუშავე მშობლებს, ვისაც შშმ შვილები ჰყავთ, აღარ გადაეხადათ საშემოსავლო გადასახადი,” – განმარტავს ნათია შარვაძე.

ნათია შარგვაძე გვიყვება, რომ  არც ამ პეტიციას მოჰყვა მთავრობის რეაგირება, ამიტომ დაახლოებით 3 კვირის წინ ბახტაძისა და სერგეენკოს სახელზე მიმოხილვით წერილი შეიტანა. თუმცა ნათია შარვაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს დიდი იმედი არ აქვს.

“ეს თანხა დიდი არ იქნება, მაგრამ მაინც დაგვეხმარება. ქვეყნის ისედაც რთული ეკონომიკური პირობების ფონზე, ჩვენ ჩვენი შვილების ძალიან ბევრი საჭიროების გათვალისწინება გვიწევს. მაგალითად, თუნდაც, პამპერსები, წამლები დ ა.შ. ამასთანავე, არიან მშობლებიც, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ და სამსახური არ აქვთ. მათთვის ეს პენსია აუცილებელია,” – ამბობს ნათია შარვაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი