ახალი ამბები

რას (არ) ითვალისწინებს გაეროს მიგრაციის პაქტი, რომელსაც საქართველო შეუერთდა

12 დეკემბერი, 2018 • 4966
რას (არ) ითვალისწინებს გაეროს მიგრაციის პაქტი, რომელსაც საქართველო შეუერთდა

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გაეროს გლობალური მიგრაციის კომპაქტი, რომელსაც საქართველო შეუერთდა, ქვეყანას “ათასობით მიგრანტის მიღებას” ავალდებულებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

მეტიც,  როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო თავად არის მიგრანტთა წარმოშობის ქვეყანა, კომპაქტით გათვალისწინებული მიზნების შესრულება სხვადასხვა ქვეყნებში მიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

რეალურად რა არის გაეროს გლობალური მიგრაციის კომპაქტი?

10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, გაეროს მიგრაციის კომპაქტს ხელი მოაწერა გაერთიანების 164-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ. შეთანხმება მაროკოს ქალაქ მარაკეშში შედგა.

როგორც “გარდიანი” წერს, ეს ისტორიული პაქტი, რომელიც მიგრაციის “უკეთ ორგანიზებას” ისახავს მიზნად, 18-თვიანი დებატებისა და მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს.

მისი მიღების საფუძველი ის კრიზისები გახდა, რასაც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ვხვდებით: მოსახლეობის გადინება სირიიდან, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მიგრანტების შემოდინება, ცენტრალური ამერიკიდან აშშ-ისკენ მიმავალი “მიგრანტების ქარავანი” და ა.შ.

მიგრანტებით სავსე მატარებელი სერბეთის საზღვართან. © EPA/GEORGI LICOVSKI, 16.08.2015

გაეროს თანახმად, ამჟამად მსოფლიოში 260 მილიონამდე მიგრანტია, — მსოფლიოს საერთო მოსახლეობის 3.4%.

მიგრაცია სხვადასხვა მთავრობისთვის მნიშვნელოვანი საკითხია, რაზეც შეთანხმება ჭირს; არსებობს უამრავი შეხედულება მიგრანტების კრიზისებთან გამკლავების შესახებ.

გაეროს მიგრაციის ეს პაქტი კი პირველი ფართომასშტაბიანი მცდელობაა, პრინციპების დონეზე შემუშავდეს ერთობლივი მიდგომა შემდგომში პრობლემის გადასაჭრელად.

ავალდებულებს თუ არა პაქტი ვინმეს რამეს?

არა.

34-გვერდიან დოკუმენტს, რომელსაც საქართველოც შეუერთდა, იურიდიული ძალა არ გააჩნია და მისი შესრულება სავალდებულო არც არის.

როგორც ირლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, დოკუმენტი ხელმომწერ ქვეყნებს სთავაზობს ერთგვარ გზამკვლევს, თუ როგორ დაიცვან მიგრანტები, იზრუნონ მათ ინტეგრაციასა და სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებაზე. პაქტი ასევე გმობს ყოველგვარ დისკრიმინაციას, ქსენოფობიასა და არატოლერანტულ მიდგომებს მიგრანტთა წინააღმდეგ.

პაქტის 23 პუნქტს შორისაა ისეთი ფაქტორების შემსუბუქება, რომლებიც ადამიანებს საცხოვრებლის შენარჩუნებისა და სამშობლოში დარჩენის საშუალებას არ აძლევს, ასევე, იმ რისკებისა და წინაღობების შემცირება, რომლებსაც მიგრანტები მიგრაციის სხვადასხვა ეტაპზე აწყდებიან.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში ამბობს, რომ ბოლო თვეებში “უამრავი სიცრუე” ვრცელდება შეთანხმებისა და, საერთოდ, მიგრაციის შესახებ. გუტიერეშის თანახმად, ეს პაქტი არ აძლევს გაეროს უფლებას, რაიმე სანქცია დააკისროს სახელმწიფოებს, და ეს არც ფორმალური ხელშეკრულებაა. პაქტი მიგრანტებს რაიმე დამატებით უფლებას არ ანიჭებს.

როგორც გაერო იუწყება, პაქტის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ის არის, რომ ხაზს უსვამს “ფუნდამენტურ პრინციპს — მიგრანტებს, სადაც არ უნდა იყვნენ, სამართლიანად და ღირსეულად უნდა მოექცნენ”.

ვინ (არ) შეუერთდა დოკუმენტს?

როგორც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი განამრტავს, შეთანხმება სხვა არაფერია, თუ არა მიგრაციის საკითხზე ქვეყნებს შორის გლობალური თანამშრომლობის საფუძველი. მას 164 ქვეყანა უერთდება.

თუმცა, როგორც The Guardian წერს, შეთანხმებას, რომელსაც გერმანიის კანცლერმა და გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) ისტორიული უწოდეს, მოწინააღმდეგეებიც ჰყავს.

პაქტის მიღებაზე უარი განაცხადა აშშ-მა, რომელიც ყველაზე აქტიურად ეწინააღმდეგებოდა პაქტს, უნგრეთმა, ავსტრალიამ, ჩილემ, ჩეხეთმა, იტალიამ, პოლონეთმა, ლატვიამ, სლოვაკეთმა და დომინიკის რესპუბლიკამ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შარშანვე თქვა უარი გაეროს ინიციატივაზე.

ტრამპს, ისევე როგორც უნგრეთის ლიდერ ვიკტორ ორბანს, ხშირად აკრიტიკებენ მიგრაციასთან მათი მიდგომების გამო.

საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიგრაციის გლობალური კომპაქტი სამართლებრივად არასავალდებულო ხასიათის დოკუმენტია. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს გლობალური მასშტაბით მიგრაციის უკეთ მართვას და ის არ ეხება ხელმომწერ ქვეყნებში მიგრანტთა გადაადგილების საკითხებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ  ამ თემაზე დოკუმენტში საერთოდ არ არის საუბარი და პირიქით, კომპაქტთან მიერთება საქართველოს აძლევს საშუალებას, თავიდან აიცილოს არალეგალური მიგრაცია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიგრაციის კომპაქტი ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია მიგრაციის საკითხების გადაწყვეტისას ცალკეული ქვეყნების ეროვნული პოლიტიკისა და პრიორიტეტების პატივისცემა და იქ არსებული რეალობის, შესაძლებლობების და განვითარების დონის მხედველობაში მიღება:

“აღსანიშნავია, რომ კომპაქტის მიზნებით გათვალისწინებული მთელი რიგი ქმედებები ისედაც პრიორიტეტული იყო საქართველოსათვის და დოკუმენტის მიღებამდეც ხორციელდებოდა და ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ, ევროკავშირის, გაეროსა და სხვა პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების დახმარებით”, – გვიპასუხეს სამინისტროში.

როგორც ნეტგაზეთს საგარეოს პრესსამსახურში უთხრეს, “მხედველობაშია მისაღები, რომ საქართველო თავად არის მიგრანტთა წარმოშობის ქვეყანა და კომპაქტით გათვალისწინებული მიზნების შესრულება გლობალურ დონეზე ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნებში მიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მათი ინტერესების დაცვას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი