ომბუდსმენის ინფორმაციით, ცხინვალის ციხეში ამჟამად 3 ქართველი პატიმარია, ხოლო საქართველოს ციხეში გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები 11 პატიმარი იხდის სასჯელს.

უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ პატიმართა გათავისუფლების და მოლაპარაკებების პროცესი წლებია შეჩერებულია, ხოლო ადმინსიტრაციულ საზღვარზე დაკავების ფაქტები გახშირდა, რაც შესაძლოა დესტაბილიზაციის ერთ–ერთი მიზეზი გახდეს:

“ადმინისტრაციულ საზღვარზე გახშირებული დაკავებების ფაქტები გაუსაძლისს ხდის ადგილობრივთა ყოფას და ზრდის რადიკალურ განწყობას მოსახლეობაში, რაც დაძაბულობის ესკალაციისა და დესტაბილიზაციის ერთ–ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს. მიმაჩნია, რომ ორივე მხარის მიერ პატიმრების გათავისუფლების ჰუმანური აქტი ხელს შეუწყობს ორმხრივი დიალოგის გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებით და მხოლოდ სარგებელს მოუტანს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას”, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

ომბუდსმენის თქმით, მან  ორივე მხარეს შეწყალების გზით პატიმართა გათავისუფლების იდეა 1 წლის წინ პირველად გაახმიანა, რასაც უამრავი პოზიტიური სიგნალი მოჰყვა არა მხოლოდ პატიმართა ოჯახის წევრებისგან, არამედ კონფლიქტის ორივე მხარეს მოქმედი არაერთი ოსური და ქართული ორგანიზაციისგან.

 

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პატიმრების საქმეები უნდა გადაიხედოს, ასევე  აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება ორივე მხარეს, რისთვისაც უნდა შეწყდეს ხანგრძლივი დაკავებები გამყოფ ხაზზე და გამოინახოს რეაგირების ისეთი ფორმა, რომელიც არ დაარღვევს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს

ასევე ომბუდსმენის განცხადებით მხარეებმა უნდა გამონახონ გზები დაკავებულ პატიმართა გასათავისუფლებლად, ეს შეიძლება იყოს გაცვლა პრინციპით – “ყველა ყველაზე”, ვადაზე ადრე გათავისუფლების, ამნისტიის ან შეწყალების გზით.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ამ პროცესში უნდა ჩაერთოს ყველა სახელმწიფო უწყება და პირველ რიგში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო. ასევე უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის IPRN–ის შეხვედრების აღსადგენად.

 

2014 წლის 31 მაისის მდგოარეობით ე.წ. სამხრეთო ოსეთის გამყოფ ხაზზე 70 პირი დააკავეს, ხოლო აფხაზეთის გამყოფ ხაზზე -107.

ცხინვალის ციხეში ამჟამად მყოფი 3 ქართველი პატიმრიდან 2 საზღვირსპირა სოფლის მკვიდრია, ისინი “საზღვრის უკანონო გადაკვეთის” ბრალდებით რუსმა სამხედროებმა დააკავეს. როგორც მათი ოჯახის წევრები აცხადებენ, დაკავებულებს ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ და გაუსაძლის პირობებში უხდებათ ყოფნა. ხოლო 1 პირს ბრალად ედება ადამიანების გატაცებაში მონაწილეობა და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

რაც შეეხება საქართველოს ციხეში მყოფ 11 პირს, მათი ნაწილი სასჯელს ქურდობის, ყაჩაღობისა და ნარკოდანაშაულისთვის იხდის, 2 პირი დაკავებულია 2008 წლის ომის შემდეგ და მათ უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება ედებათ ბრალად, ხოლო 3 პირი სასჯელს 2005 წლის გორის ტერაქტის გამო იხდის.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ოსური მხარე სწორედ 2005 წლის ტერორისტული აქტისთვის გასამართლებული პირების გათავისუფლებას ითხოვს, ხოლო ქართულ მხარეს მათ გათავისუფლებაზე უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.

როგორც ომბუდსმენის სპეციალურ ნარკვევშია ნათქვამი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა არაერთხელ შესთავაზეს ოსურ მხარეს ტერორიზმისთვის გასამართლებული სამი პირის გარდა დანარჩენი პატიმრების გათავისუფლება ცხინვალის ციხეში მყოფი პატიმრების სანაცვლოდ, თუმცა ოსური მხარე ამაზე უარს აცხადებს.

 

უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველი
უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *