მესაფლავეებმა ქოთნით ოქრო იპოვეს და ლომბარდში ჩააბარეს – შსს-მ გამოძიება დაიწყო

მარტვილში მესაფლავეებმა საფლავის გათხრისას ოქრო-ვერცხლი იპოვეს და განძის ნაწილი ქუთაისში, ლომბარდში ჩააბარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის ფარულად დაუფლებას გულისხმობს.

როგორც შსს-ს განცხადებაში წერია, მიმდინარე წლის 24 ნოემბერს ადგილობრივი გარდაცვლილი პირის დასაკრძალად საფლავის გათხრისას მოქალაქეებმა თიხის ქოთანი იპოვეს, რომელშიც მოთავსებული იყო ოქროს და ვერცხლის მონეტები.

მათივე თქმით, გარდაცვლილი პირის ოჯახმა, რომელსაც მპოვნელებმა ნივთების ნაწილი გადასცეს, ოქროს და ვერცხლის ნივთები ადგილობრივ მუზეუმს მისცა, სხვა ნაპოვნი ნივთები კი ნივთების მპოვნელმა მოქალაქეებმა ქუთაისში კონკრეტული თანხის სანაცვლოდ ჩააბარეს ოქროს ნივთების სავაჭრო ობიექტში.

თავად მესაფლავეები ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბარში ამბობენ, რომ არ იცოდნენ მონეტების ისტორიული ღირებულების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ არ გადაცვლიდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, ფულის სანაცვლოდ ჩაბარებული ოქროსა და ვერცლის ნივთები, ასევე მუზეუმისთვის გადაცემული ყველა ნივთი, ამ დროისთვის ექსპერტიზის მიზნით ამოღებულია და შსს-ში, ნივთმტკიცებებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ოთახში ინახება.

“კონსულტაციები კულტურის სამინისტროსთან, რათა სათანადო ექსპერტიზის მეშვეობით დადგინდეს ნაპოვნი ოქროსა და ვერცხლის ნივთების დათარიღებისა და შეფასების საკითხი,” – ამბობს შსს.

გარეკანი ფოტო: რუსთავი 2

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან