ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში საფრთხედ მიიჩნევენ სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას

17 ივნისი, 2014 • • 1326
ყარაბაღში საფრთხედ მიიჩნევენ სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას
ყარაბაღში ვნებათაღელვის მიზეზი არა შეთანხმების ხელმოწერაა, არამედ ის, რომ მანამდე, 29 მაისს, ევრაზიის საბაჟო კავშირის სამიტის დროს ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით წერილი წარმოადგინა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სომხეთს მხოლოდ გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში აქვს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების უფლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სომხეთს ამ კავშირთან მიერთება მხოლოდ მთიანი ყარაბაღის გარეშე შეუძლია, რამაც ყარაბაღში დიდი მღელვარება გამოიწვია.
ანაიტ დანიელიანი
ანაიტ დანიელიანი

 

მარგარიტა კარამიანი, ყარაბაღის მოძრაობის აქტივისტი, ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა მიმდინარე მოვლენებს, უნდობლობა გამოუცხადა სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს და განაცხადა, რომ ამიერიდან მას არა აქვს ყარაბაღის საკითხის გადაწყვეტის პროცესში მონაწილეობის უფლება, რამდენადაც მან ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე აღნიშნა: “ყარაბაღი, თუნდაც სამართლებრივად, თუნდაც ჩვენს წარმოდგენაში არ არის სომხეთის ნაწილი”.

“სიმართლეს ამბობს სერჟ სარგსიანი. არწახი იურიდიულად არ არის სომხეთის ნაწილი, რადგანაც 20 წელზე მეტია არაფერი გაუკეთებიათ არც არწახის და არც სომხეთის ხელისუფლებას, რომ ორი სომხური სახელმწიფო გაერთიანებულიყო ერთიან სომხეთად,” – განაცხადა მან.

მარგარიტა კარამიანი
მარგარიტა კარამიანი

მარგარიტა კარამიანის აზრით, არსებობს ორი გამოსავალი. პირველი – მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ეროვნული კრება მიმართავს სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტს ყარაბაღის სომხეთის შემადგენლობაში მიღების თხოვნით, ანუ მოხდეს ის, რაც 1988 წელს არ გაკეთდა; მეორე – სომხეთი უარს აცხადებს რომელიმე კავშირში ან ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, რომელიც არ აღიარებს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას, ან ორი სომხური სახელმწიფოს გაერთიანების წინააღმდეგია”, – განაცხადა კარამიანმა.

ასტანის სამიტის და 5 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენების თაობაზე სტეპანაკერტში პარტია “ეროვნული აღორძინების” ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც მიმართვა მიიღეს.  

სტეპანაკერტში გამართული მრგვალი მაგიდა, სადაც ევრაზიული კავშირის საფრთხეებზე იმსჯელეს
სტეპანაკერტში გამართული მრგვალი მაგიდა, სადაც ევრაზიული კავშირის საფრთხეებზე იმსჯელეს

 

“იმ სახელმწიფო მოღვაწეს, რომელიც არწახს სომხეთის ნაწილად არ მიიჩნევს, არ აქვს არწახის ბედზე მოლაპარაკებების წარმოების უფლება. არწახი სომხეთის განუყოფელი ნაწილია. ამის იურიდიულად გამყარება უნდა მოხდეს სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის აღიარების გზით, ხოლო შემდეგ ორი სახელმწიფოს გაერთიანებით. სომხეთი არ უნდა გახდეს არც ერთი ზენაციონალური გაერთიანების წევრი. სომხური სუვერენიტეტი  – აბსოლუტური ღირებულებაა. არწახის საუკეთესო გარანტი სუვერენული ერთიანი სომხეთია”, – ნათქვამია მიმართვაში.

სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მწვავე განცხადებით გამოვიდა “სომხეთის რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუთიუნის” ყარაბაღის კომიტეტი:

“მოსკოვში 3 სექტემბერს სერჟ სარგსიანის მიერ საბაჟო კავშირში გაწევრიანების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ არაერთხელ დაისვა სომხეთის რომელიმე ორგანიზაციაში არწახთან ერთად შესვლის საკითხი. სომხეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და სახელმწიფო წრეებში არასდროს გამორიცხავდნენ იმას, რომ სომხეთის არის მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის უსაფრთხოების გარანტი. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მცხოვრებლებს არაერთხელ უგრძვნიათ საკუთარ თავზე ამ გარანტიის როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო შემადგენელი. სამწუხაროდ, სომხეთმა თავისი საგარეო პოლიტიკის ფარგლებში დღემდე ვერ შეასრულა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის უსაფრთხოების გარანტორის როლი, რომელიც მისაღები იქნებოდა საერთაშორისო საზოგადოებისთვის. სომხეთის, მთიანი ყარაბაღის და სრულიად სომეხი ხალხის უსაფრთხოების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ იქნას მიღებული შესაბამისი ზომები, რათა გაფორმდეს ყოვლისმომცველი სამხედრო-პოლიტიკური შეთანხმება სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის”, – ნათქვამია განცხადებაში.

ვაჰან ბადასიანი
ვაჰან ბადასიანი

 

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ეროვნული კრების დეპუტატის ვაჰან ბადასიანის აზრით, არწახისთვის კიდევ უფრო სახიფათოა სომხეთის მთავრობის განცხადებები და მათგან გამომდინარე შედეგები: “საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არავითარი გარანტია არ გვაქვს იმისა, რომ ხვალ სომხეთის ხელისუფლება არ იტყვის – “ვინ თქვა, რომ სომხეთსა და არწახს შორის არ იქნება საბაჟო ან რამე სხვა”. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი ხალხის საბოლოო მიზანია არწახისა და სომხეთის გაერთიანება. დღეს კი სხვა რამ ხდება. დღეს არსებულ სიტუაციაში ჩვენ უნდა აღვიდგინოთ ყველა უფლება როგორც მოლაპარაკების პროცესში, ისე სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში, რადგან სომხეთის ხელისუფლებამ ქვეყნის სუვერენიტეტი რუსეთს “აჩუქა”, – აცხადებს დეპუტატი.

ამ განცხადებების საწინააღმდეგოდ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესმდივანი დავით ბაბაიანი აცხადებს, რომ ოფიციალური სტეპანაკერტი მიკერძოებულად მიიჩნევს ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ყაზახეთს “განსხვავებული მოსაზრება” ექნება სომხეთის საბაჟო კავშირში შესვლასთან დაკავშირებული “საგზაო რუკის” ხელმოწერის საკითხზე იმის გამო, რომ გაურკვეველია პერსპექტივაში მთიან ყარაბაღთან სომხეთის ურთიერთობის საკითხი:

“ყაზახეთი, გარდა იმისა, რომ არის დსთ-ს და საბაჟო კავშირის წევრი, ასევე გახლავთ თურქულენოვანი სახელმწიფოების ორგანიზაციის აქტიური წევრი და, ცხადია, დროდადრო გამოდის მსგავსი რიტორიკული განცხადებებით”. მისივე თქმით, ეს ყველაფერი რიტორიკას არ სცდება, რადგან თუკი ყაზახეთი მართლაც შეეწინააღმდეგება და იხელმძღვანელებს თურქულენოვანი სახელმწიფოების ინტერესებით, ეს პირველ რიგში თავად ყაზახეთისთვის იქნება საზიანო.

დავით ბაბაიანი
დავით ბაბაიანი

 

“სომხეთის პოლიტიკურმა ელიტამ არაერთხელ განაცხადა და ეს სინამდვილეშიც ასეა: სომხეთი არის მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის უსაფრთხოების გარანტი ყველა თავისი კომპონენტით – ეკონომიკური, ენერგეტიკური, სამხედრო”, – განაცხადა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტმა არტურ აგაბეკიანმა ნურსულთან ნაზარბაევის მიერ ევრაზიული კავშირის სამიტის დროს სომხეთის საზღვრებზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.

აგაბეკიანის თქმით, თავისი განცხადებებით ნაზარბაევი ეჭვქვეშ აყენებს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის პერსპექტივებს, “რამდენადაც ევრაზიული კავშირი არის უსაფრთხო სივრცე და თუკი ამ უსაფრთხო სივრცის ქვეყნის მმართველის განცხადების საფუძველი ხდება არაწევრი ქვეყნის შუამდგომლობა, ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული მმართველი ეჭვქვეშ აყენებს ამ სივრცის მომავალს”.

არტურ აგაბეკიანი
არტურ აგაბეკიანი

 

ვიცე-პრემიერის აზრით, იმის მიუხედავად, თუ რომელ უსაფრთხოების გაერთიანებაში განახორციელებს საქმიანობას სომხეთი, ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული ის გარემოება, რომ სომხეთი იყო და რჩება მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის უსაფრთხოების გარანტორად.

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების პირველი მეთაური არკადი კარაპეტიანი ასკვნის, რომ სომხეთი არც ევრაზიულ და არც ევროპის კავშირში არ უნდა შევიდეს და დამოუკიდებელი პოლიტიკა უნდა აწარმოოს.

“თუკი სომხეთი უარს იტყვის სუვერენიტეტზე, მაშინ ჩვენ მალე დავკარგავთ სახელმწიფოებრიობას. ეს ბრძოლის გარეშე დანებებას ნიშნავს. ჩვენ კი სულ უნდა ვიბრძოლოთ, რადგან არც რუსები და არც ევროპელები არ მოგვასვენებენ. ორთავეს ერთი მიზანი აქვთ: გვმართონ, გაგვანადგურონ, ჩვენი ასიმილირება მოახდინონ და ა.შ. გამოსავალი კი ასეთ შემთხვევაში ერთია: ვაწარმოოთ ჩვენი, დამოუკიდებელი პოლიტიკა”.

არკადი კარაპეტიანი
არკადი კარაპეტიანი

 

არკადი კარაპეტიანი გაოცებულია, თუ როგორ აღმოჩნდა სომხეთი ევრაზიული კავშირის სამიტზე, სადაც- ნაზარბაევის სიტყვებიდან გამომდინარე- აზერბაიჯანის პრეზიდენტი განაგებს სიტუაციას. “შემდეგში ჩვენც აზერბაიჯანი გვიხელმძღვანელებს?” – კითხულობს ის.

ამ საკითხების განხილვა გაგრძელდება, რამდენადაც აქედან გამომდინარეობს შემდგომი პროცესები, რაც გამოიხატება ვიზიტებსა და სომხეთისადმი მოთხოვნებში რუსეთის პოლიტიკის წარმომადგენელთა მხრიდან.

ახლახან სომხეთში იმყოფებოდა პუტინის ადმინისტრაციის “რუპორად” აღიარებული დმიტრი კისილიოვი – საინფორმაციო სააგენტო “როსია სეგოდნია”-ს ხელმძღვანელი, რომელიც სკანდალური განცხადებით გამოვიდა სომხეთის პარლამენტში, როდესაც თქვა, რომ სომხეთში უნდა გაიზარდოს რუსული სკოლების რაოდენობა, შეიცვალოს “ენის შესახებ კანონი”, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გავლენას იქონიებს სომხურ-რუსულ თანამშრომლობაზე უსაფრთხოების სფეროში.

ის მთიანი ყარაბაღის საკითხსაც შეეხო და თქვა: “პირადად მე მივიჩნევ, რომ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარება ნიშნავს სომხეთის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ქმედებას და სომხეთმა ამის გამო არ უნდა იჩქაროს, რადგან ეს ავტომატურად ომის განახლებას ნიშნავს. მსოფლიოში სომხეთის სახელმწიფოებრიობის არსებობის უზრუნველყოფა მხოლოდ ერთადერთ ქვეყანას – რუსეთს შეუძლია და რუსეთმა ეს ვალდებულება აიღო კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის ფარგლებში. მაგრამ თუკი სომხეთში პრაქტიკულად აღარ დარჩა რუსული სკოლები და რუსული ენა გაქრობად ენად იქცა, ეს ნიშნავს იმას, რომ ასევე ქრება რუსული კულტურა და თანდათან სუსტდება რუსეთთან კავშირი. ეს ძალიან სახიფათო ტენდენციაა”.

22-23 ივნისს დაგეგმილია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ვიზიტი სომხეთში. თუმცა, რა პროცესები მოჰყვება ამას სომხეთსა და ყარაბაღში, ჯერ უცნობია.



სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი