ახალი ამბები

შრომითი ბაზარი და ევროკავშირის ახალი პროგრამა საქართველოში დასაქმების ხელშესაწყობად

10 დეკემბერი, 2018 • 3816
შრომითი ბაზარი და ევროკავშირის ახალი პროგრამა საქართველოში დასაქმების ხელშესაწყობად

მაღალკვალიფიციური კადრები სახელმწიფო პროგრამებში ჩართვის გარეშე ახერხებენ საკუთარი კარიერის დაგეგმვას. გადამზადება და ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებით დაბალი და საშუალო კვალიფიკაციის მქონე პირებს სჭირდებათ. საქართველოს შრომის ბაზარზე მოთხოვნა, ძირითადად, სწორედ ასეთ პერსონალზეა.

უმუშევრობას ამძაფრებს ის ფაქტორიც, რომ დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის არ არის მჭიდრო კომუნიკაცია. შესაბამისად, ვერ ფორმდება ეფექტური შრომითი ურთიერთობები: ქვეყანაში ძირითადად საშუალო და მცირე კომპანიები გვაქვს, რომლებიც ვერ ასაქმებენ ბევრს და ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ საკუთარ თავს თუ უზრუნველყოფენ. ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებში სტაბილურ და რაოდენობრივად მნიშვნელოვან სამუშაო ადგილებს კერძო სექტორი ქმნის. აქამდე კი საქართველოს დიდი გზა აქვს გასავლელი.

როგორც ევროკავშირის პროგრამის ოფიცერი, ნიკა ყოჩიშვილი ამბობს, კვლევების მიხედვით, საქართველოში ძალიან ნელა იქმნება სამუშაო ადგილები. შრომის ბაზრის ერთ-ერთი პრობლემა არის ისიც, რომ ნაკლები კავშირია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. ამიტომაც შეიქმნა სახელმწიფო პორტალი, worknet-ი, მაგრამ მისი ცნობადობა, ჯერჯერობით, დაბალია.

„სხვა ტიპის პრობლემებიც არსებობს, დამსაქმებელი ხშირად ეძებს ისეთი კვალიფიკაციის კადრებს, როგორსაც შრომით ბაზარზე ვერ პოულობს – მათი თვალთახედვის არეალში ხანდახან საჭირო ადამიანები ვერ ხვდებიან, სუსტი კომუნიკაციის გამო. ხდება ისეც, რომ დამსაქმებელმა ხანდახან ზუსტად არ იცის, რა უნდა, ითხოვს ერთს და გულისხმობს სხვას. რეგიონებში არ გვაქვს საწარმოები. ეს ყველაფერი კომპლექსურ პრობლემებს ქმნის. ამ და სხვა ტიპის ბარიერების გადასალახად მოქმედებს საქართველოში ევროკავშირის პროგრამები, უმუშევრობის დასაძლევად“, – ამბობს ნიკა ყოჩიშვილი.

შრომის ბაზრის კვლევა აჩვენებს, რომ პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია თითქმის ყველა რეგიონში. დეფიციტურ პროფესიებში ჭარბობს სწორედ პროფესიული განათლების მქონე პოზიციები. ევროკავშირის სპეციალური პროექტები, რომლებიც საქართველოში დასაქმების ხელშეწყობაზეა ფოკუსირებული, სხვა მრავალ მიზანთან ერთად, გულისხმობს, ასევე, მძლავრი პროფესიული განათლების სისტემის დანერგვას, რიგ შემთხვევებში, მცირეხნიანი კურსების საშუალებით ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კადრების გადამზადებას.

რა ძირითად უნარებს ითხოვენ დამსაქმებლები სამუშაოს მაძიებლებისგან, რომელი სექტორები ქმნიან საქართველოში ყველაზე მეტ სამუშაო ადგილებს და რა ბედი ელით მოწყვლად ჯგუფებს შრომით ბაზარზე, რომლებსაც უჭირთ დამოუკიდებლად დასაქმება – ამ და სხვა საკითხებზე თავისი შეხედულების გაზიარება ვთხოვეთ პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსს, ირინა წეროძეს.

პრიორიტეტული მოთხოვნები დამსაქმებლების მხრიდან არის ზოგადი უნარები: კომუნიკაცია, სერვისი, პლუს უცხო ენის ცოდნა. ყველაზე დიდი რაოდენობით ვაკანსიებს ქმნიან ტურიზმის, მშენებლობის, მომსახურების სფეროები. მრავლად არიან მოქალაქეები, რომლებიც არ იდენტიფიცირდებიან არც შრომის ბაზარზე, არ განათლების სისტემაში. უნდა შეიქმნას  ქვეყანაში მექანიზმები, რომ ადამიანები განათლების სფეროში იდენტიფიცირდებოდნენ: გადამზადებას გადიოდნენ, სწავლობდნენ ან შრომით ბაზარზე ფიქსირდებოდნენ. ევროკავშირის სამომავლო პროექტი, რომელსაც მიმდინარე წლის 20 ნოემბერს მოეწერა ხელი, ასეთი ადამიანების გააქტიურებას გულისხმობს“, – ამბობს ირინა წეროძე.

პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ირინა წეროძე

ევროკავშირის ახალი, მსხვილმასშტაბიანი პროექტის, რომელსაც 20 ნოემბერს მოეწერა ხელი, ძირითადი ამოცანა დამსაქმებლებისა და სამსახურის მაძიებლების ერთმანეთთან დაკავშირებაა. მოთხოვნისა და მიწოდების დაბალანსება, პროფესიული გადამზადების პროგრამის დახვეწა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და ამისთვის სხვადასხვამექანიზმის შექმნის ხელშეწყობაა.

პროგრამა ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე იქონიებს გავლენას, დაეხმარება მათ, შეიძინონ ინდივიდუალურ შესაძლებლობებს მორგებული ახალი პროფესიები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ეს ყველაფერი კი დასაქმების შესაძლებლობას გაზრდის. პროგრამის სამიზნე ჯგუფებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა მოწყვლად ჯგუფებს – ქალებს, შშმ პირებს, სოციალურად დაუცველებს, დევნილებს და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არც განათლების სისტემაში ფიქსირდებიან და ვერც სამსახურს პოულობენ დამოუკიდებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი