ახალი ამბები

“ქართული მარში” თბილისის იუსტიციის სახლთან “პიკეტს” აანონსებს

9 დეკემბერი, 2018 • 2222
“ქართული მარში” თბილისის იუსტიციის სახლთან “პიკეტს” აანონსებს

“ქართული მარში” უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად იუსტიციის სამინისტროსთან პიკეტს აანონსებს. ამის შესახებ “მარშის” ფეისბუქ გვერდზე დღეს, 9 დეკემბერს დაიწერა.

აღნიშნული ცნობის მიხედვით, “ქართული მარში” პროტესტს ხვალ, 10 დეკემბერს, 09:00-ზე დაიწყებს. ის საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას “ანტიქართულს” უწოდებს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის საკუთრების რეგისტრაცია სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადების ცერემონიალამდე შეეძლებათ. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 7 დეკემბერს, მიიღო.

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ის სამართლებრივი ნორმა, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 2017 წლიდან მიწის რეგისტრაციის უფლება შეჩერებული ჰქონდათ კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძალაში შესვლამდე. კონსტიტუციის ახალი რედაქცია ძალაში ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ შედის.

ახალი რედაქციის მიხედვით კი, საქართველოში მიწის მესაკუთრე საქართველოს მოქალაქეა, თუმცა შესაძლოა დაიშვას გამონაკლისებიც შესაბამისი ორგანული კანონის მიღებით, რაც ამ ეტაპზე არ არსებობს.

საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წინააღმდეგ საბერძნეთის ორი მოქალაქე – პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი დავობდნენ. მათი მშობლები საქართველოში ცხოვრობდნენ და საკუთრება მემკვიდრეობით მიიღეს. საჯარო რეესტრმა მათ საკუთრების რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

უცხოელებს მიწების რეგისტრაცია პრეზიდენტის ფიცის დადებამდე შეეძლებათ

მასალების გადაბეჭდვის წესი