ახალი ამბები

შეეშვით ჩვენს ერს – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტრამპს

9 დეკემბერი, 2018 • 1344
შეეშვით ჩვენს ერს – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტრამპს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ს პრეზიდენტი პარიზში მიმდინარე “ყვითელჟილეტინთა” პროტესტზე გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა. ჟან-ივ ლე დრიანმა დონალდ ტრამპს მოუწოდა, არ ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში.

“ჩვენ არ ვერევით ამერიკის შიდა პოლიტიკაში და სამაგიეროდაც იგივე გვსურს”, – აღნიშნა მან ტელეკომპანია LCI-ის ეთერში და დაამატა:

“მე ვეუბნები პრეზიდენტ ტრამპს და საფრანგეთის პრეიდენტიც ასევე ეუბნება: შეეშვით ჩვენს ერს”.

შაბათს, 8 დეკემბერს, ტრამპი საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ამ კონტექსტში, კვლავ გააკრიტიკა პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილებებზე, რომელიც აშშ-მ გასულ წელს დატოვა. მანვე აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციებზე მის სახელს სკანდირებენ.

“პარიზის შეთანხმება პარიზშიც არ მუშაობს. პროტესტი და შეტაკებებია მთელ საფრანგეთში. ხალხს არ სურს დიდი თანხების გადახდა, ძირითადად, მესამე მსოფლიოს ქვეყნებისთვის იმისთვის, რომ სავარაუდოდ, გარემო დაიცვან. სკანდირებენ: “ჩვენ გვინდა ტრამპი!”; მიყვარს საფრანგეთი”, – დაწერა მან “ტვიტერზე”.

გუშინ, 8 დეკემბერს, საპროტესტო აქციების მეოთხე კვირას, საფრანგეთის პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის კვლავ შეტაკებები მოხდა. ძალოვნებმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრმლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

როგორც BBC ადგილობრივი საავადმყოფოებზე დაყრდნობით წერს, 126 ადამიანი დაშავდა, თუმცა “არცერთი სერიოზულად”. დაკავებულთა რიცხვი, მხოლოდ შაბათს, 1 000-ს შეადგენს.

შეტაკებების დროს, პარიზის ქუებში ცალკეულ ინციდენტებს ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეთა ნაწილმა მაღაზების ვიტრინები ჩაამსხვრია, ავტომანქანები და ნაგვის ურნები კი ცეცხლში გახვია.

“ყვითელჟილეტიანების” მოძრაობა თავდაპირველად დიზელის საწვავზე გადასახადის გაზრდის წინააღმდეგ იყო მიმართული, თუმცა შემდგომ მოძრაობამ ანტისამთავრობო ხასიათი შეიძინა. ისმის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნებიც.  პარალელურად, საფრანგეთის ხელისუფლება ამბობს,  რომ აქციები “ძალადობრივად განწყობილ დემონსტრაციებად” იქცა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი