ცხინვალის რეგიონზე გამავალი ფინანსური დერეფანი მოსკოვსა და უკრაინის სეპარატისტებს შორის, თბილისის სადავო ეკლესიები და აზერბაიჯანული მანათის მდგომარეობა – ეს ის საკითხებია, რომლებიც საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა.
ცხინვალი, როგორც ფინანსური დერეფანი მოსკოვსა და აღმოსავლეთ უკრაინას შორის
რა კავშირშია ერთმანეთთან დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი და დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკები? ერთი შეხედვით, არნაირ კავშირშია, გარდა იმისა, რომ ორივე შემთხვევაში რუსეთის მიერ ტერუტორიების ოკუპაციასთან გვაქვს საქმე. თუმცა დე ფაქტო სახელმწიფოებს აკავშირებთ კიდევ ერთი ელემენტი – ალტერნატიული ფინანსური ქსელი დასავლური სანქციების თავიდან ასაცილებლად, რომელიც Washington Post-მა გამოიძია.
ამერიკულმა გამოცემამ ვრცელი მასალა მოამზადა სახელდახელოდ შექმნილ ფინანსურ და საბანკო სისტემაზე, რომელიც ცხინვალის რეგიონზე გადის და რუსეთს უადვილებს უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებთან კავშირს.
სტატიის მიხედვით, პრაქტიკულად, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთმა რუსეთს უფლება მისცა, საკუთარი წესებით ეთამაშა და შეექმნა დერეფანი, რომლითაც დონეცკსა და ლუგანსკს ირიბად დაეხმარება.
“აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტი ოფიციალური პირები და ბიზნესმენები ფულს რიცხავენ სამხრეთ ოსეთში. [შემდგომ] თანხები ირიცხება რუსეთში. ამ ფულს იხდიან რიგ პროდუქტებში, როგორიცაა საწვავი და სამშენებლო მასალა, რომლებიც რუსეთიდან პირდაპირ აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტვირთება”, – წერს WP.
ფინანსური ოპერაციები ძირითადად გადის ცხინვალში მდებარე ერთ შენობაზე, სადაც 3 წლის წინ დაარსდა დაწესებულება, სახელწოდებით “საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი”.
მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, გამოცემის ცნობით, რუსეთმა ამ გზით $150 მილიონის ღირებულების საქონელი გაცვალა აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტებთან. როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგადასახადო სამსახურში Washinton Post-ს განუცხადეს, რეგიონში ამ წელს სულ ცოტა 146 შპს მუშაობდა დონეცკთან და ლუგანსკთან ფინანსურ ტრანზაქციებზე.
როგორ და რატომ იყენებს მაინცდამაინც არაღიარებულ ცხინვალს მოსკოვი დასავლური სანქციების გვერდის ავლით უკრაინის სეპარატისტებთან ფინანსური გაცვლებისათვის? გამოცემის მიხედვით, სქემა ასეთია:
- ნებისმიერ დროს, როცა ვინმეს სეპარატისტულ ტერიტორიებზე სურს, კომპანიას ფული გადაურიცხოს რუსეთში – და პირიქით – ისინი ამას აკეთებენ “საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის” მეშვეობით, რომელიც სამხრეთ ოსეთშია.(სამხრეთ ოსეთი ერთადერთია, რომელიც აღიარებს უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებს. [ეს ფაქტორი] აქცევს მას ერთადერთ ადგილად, რომელსაც მათთან ფორმალური საბანკო ურთიერთობის დამყარება შეუძლია.
- [ზემოაღნიშნული] ფული იგზავნება რუსეთში.
- პროდუქტი, რომელთათვისაც ტრანსფერებით გადაიხადეს – მათ შორის, საწვავი, სამშენებლო მასალები და საკვები – რუსეთის მიერ იტვირთება აღმოსავლეთ უკრაინაში, მეტწილად, სატვირთო მანქანებით, საზიარო საზღვრის გავლით.
Washington Post-ის ცნობით, სქემა 2015 წლიდან იღებს სათავეს, როცა ცხინვალში, სტალინის ქუჩაზე ზემოაღნიშნული “ბანკი” დაფუძნდა. ამავე პერიოდში, მოსკოვში გაიხსნა მსგავსი სახელწოდების მქონე დაწესებულება – საერთაშორისო ცენტრი ინვესტიციებისთვის. მან საბანკო ლიცენზია 2016 წელს მიიღო, ხელმძღვანელი კი კგბ-ს სკოლის კურსდამთავრებული, რუსეთის აგენტურის წრეებში ცნობილი ვიაჩესლავ მაზურინია.
ოფიციალურად, ორ დაწესებულებას ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ. WP-ს შეკიხვებს არცერთმა მათგანმა უპასუხა. თუმცა, როგორც გამოცემა წერს, იურისტები, ბიზნესმენები და მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი მოსკოვსა და აღმ. უკრაინას შორის ფინანსურ კავშირს ქმნიან სანქციების ფონზე.
“ჩვენ მხოლოდ სამხრეთ ოსეთის მეშვეობით შეგვიძლია ვივაჭროთ და წარმატებულად ვვაჭრობთ კიდებ”, – აცხადებს ზახარ პრიეპინი, ნაციონალისტი რუსი მწერალი, რომელიც დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან მრჩევლის რანგით თანამშრომლობდა.
სქემის არსებობას რუსეთში არც საჯარო გამოსვლების დროს მალავენ. გამოცემა სააგენტო “ტასზე” დაყრდნობით ციტირებს პუტინის მრჩეველს, ვლადისლავ სუხოვს, რომელიც ამბობს:
“ფინანსური, სავაჭრო, ეკონომიკური და ორგანიზაციული ინფრასტრუქტურა, რომელიც სამხრეთ ოსეთშია შექნილი ამ ორი რესპუბლიკისთვის, სასიცოცხლო ხაზია კიევის რეჟიმის ბლოკადის წინაშე”, – აცხადებს ის.
მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოცემის წარმომადგენლებს უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებთანაც სურდათ დაკავშირება, თუმცა ისინი იქ არც შეუშვეს და არც შეკითხვებზე უპასუხეს.
თანდოიანცი – სადავო სალოცავი კედლებისა და ჭერის გარეშე
თბილისში მდებარე სადავო ეკლესიების საკითხი პერიოდულად ნაკლებად ჩანს დღის წესრიგში, თუმცა, ჯერჯერობით, არცერთი დავა დასრულებულა. ასეთი ვითარებაა თანდოიანცის ეკლესიის მიმართაც, რომელზეც მასალა გამოცემა “ევრაზიანეტმა” მოამზადა.
გამოცემა მკითხველს საქართველოს დედაქალაქში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ეკლესიის შესახებ უყვება, რომლისგანაც დღეისათვის ნაშთებია დარჩენილი. ადგილს, რომელიც ერთ დროს სომხური მოსახლეობის სამყოფელს წარმოადგენდა, ახლა სახურავი და ორი კედელი აღარ აქვს. მხოლოდ ზოგიერთი დეტალი მიანიშნებს, რომ აქ ერთ დროს სალოცავი მდებარეობდა.
სტატიის ავტორი ყვება, რომ კულტურის სფეროს აქტივისტებმა მხოლოდ გასული წლის მიწურულს აღმოაჩინეს, რომ თანდოიანცი, რომელსაც სომხეთის ადგილობრივი ეპარქია თავისად მიიჩნევდა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს გადაეცა.
“საქართველოს ეკლესია ირწმუნება, რომ არსებობს XIX საუკუნის დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც თანდოიანცის ადგილას პატარა ქართული ეკლესია იდგა, რომელიც შაჰ აბასმა დაანგრია 1622 წელს”, – წერს “ევრაზიანეტი”.
EMC-ის იურისტი გამოცემას უყვება, რომ საპატრიარქო ამჟამად არსებული ეკლესიის(ნაშთების) სომხურობას აღიარებს, თუმცა აცხადებს, რომ ის მას შემდეგ აშენდა, რაც XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიის ოფიციალურმა პირებმა მიწა სომხებს გადასცეს.
“გრძელდება სულიერი სახლების გაძარცვა, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა რწმენით ააგეს”, – ციტირებს მასალის ავტორი ადგილობრივ სომხურ ეპარქიას და მიუთითებს, რომ მსგავსი დავა თბილისში მდებარე სხვა ეკლესიების ირგვლივაც მიმდინარეობს.
საქართველოს საპატრიარქომ გამოცემას უარი უთხრა კომენტარზე.
სტატიის ავტორი დასძენს, რომ საქართველოს ეკლესია ამგვარ მიდგომებს ავლენს სხვა რელიგიების მიმართაც, მაგალითად კი მოჰყავს ამჟამად მართლმადიდებლური, ერთ დროს კი კათოლიკური ეკლესიები, ასევე სოფელ მოხეში მდებარე სადავო ნაგებობა და ბათუმში მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებული პრობლემები.
მანათის სტატიკურობა – რამ უშველა აზერბაიჯანულ ვალუტას?
2018 წელი მსოფლიოს არაერთი ვალუტისათვის აშშ დოლარის მიმართ მნიშვნელოვანი რყევებით აღინიშნა. ნაწილობრივ, პროცესი შესაბამის ქვეყნებში არსებული შიდა პრობლემებით იყო გამოწვეული, ნაწილობრივ კი, ვაშინგტონის პოლიტიკითაც, სადაც ფედერალურმა სარეზერვო ფონდმა საპროცენტო განაკვეთები მიმდინარე წელს სამჯერ გაზარდა.
თურქულ ლირასთან, ინდურ რუპიასთან, არგენტინულ პესოსთან და სხვა ვალუტებთან ერთად, გამონაკლისი არც აზერბაიჯანული მანათი ყოფილა, თუმცა სხვებთან შედარებით სამხრეთ კავკასიის პატარა სახელმწიფოს ეროვნულმა ვალუტამ სტაბილურობა შეინარჩუნა. Eurasianet დაინტერესდა, როგორ.
ფაქტია, რომ რყევების ფონზე მანათი უკეთ პოზიციონირებდა სხვა ვალუტებს შორის და გარე ფაქტორების ზეწოლის მიუხედავად, დოლარის მიმართ 1.70 კოეფიციენტს ინარჩუნებდა. ამ პოზიციაზე რჩებოდა ნავთობის ფასის ზრდის პარალელურადაც, როგორც 2017, ისე 2018 წელს.
სტატიის ავტორს კითხვაზე “ერთადერთი პასუხი” აქვს: ბანკის ჩარევა, როგორც ადრე.
“ბანკი ისევ განაგრძობს ინტერვენციას. მან მანათს “ცურვის” საშუალება არ მისცა. ბანკი ამას პირდაპირ არ ამბობს, თუმცა აგრძელებს დოლარის ყიდვა-გაყიდვის [პროცესის] გაშუქებას თავის ვებგვერდზე”, – ვკითხულობთ სტატიაში.
ავტორი ხაზს უსვამს ბაქოს შიშს, რომ ვალუტის ნებისმიერი რყევა 2015 წლის კრიზისის მსგავს პანიკას გამოიწვევს. მაშინ მანათი დოლარის მიმართ 33%-ით გაუფასურდა. ეროვნული ვალუტის გარშემო სკეპტიციზმი გაღრმავდა, რამაც მის შემდგომ კურსზეც იმოქმედა.
თუმცა ახლა, ნავთობის ფასის ზრდის ფონზე, ბაქომ შეძლო სავალუტო რეზერვების შევსება, რომელთა საჭიროების შემთხვევაში გაყიდვითაც მანათის კურსს არეგულირებს. გამოცემის თანახმად, ნაწილობრივ ამიტომაა, რომ ინფლაცია ქვეყანაში დაბალია.